ნადირობის სეზონის გახსნიდან პირველ 1 თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში სამართალდარღვევის 196 ფაქტი გამოავლინეს. ამ მაჩვენებლით რეგიონი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 22 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში სულ 646 დარღვევა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევების თითქმის მესამედი სწორედ იმერეთის რეგიონზე მოდის.
იმერეთის შემდეგ დარღვევების რაოდენობით სამეგრელო-ზემო სვანეთი (119 ფაქტი) და გურია (93 ფაქტი) ლიდერობენ. შიდა ქართლში 69 შემთხვევა დაფიქსირდა, სამცხე-ჯავახეთში - 49, აჭარაში - 39, მცხეთა-მთიანეთში - 34, ქვემო ქართლში - 21, კახეთში -18, ხოლო დედაქალაქში ნადირობის წესების დარღვევის 8 ფაქტი გამოვლინდა.
გამოვლენილი 646 სამართალდარღვევიდან:
546 შემთხვევა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობას უკავშირდებოდა;
54 შემთხვევაში მოქალაქეები გადამფრენი ფრინველების ამოღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ;
24 შემთხვევაში დაირღვა ნადირობის ზოგადი წესები;
22 შემთხვევაში ნადირობა მუნიციპალიტეტის აკრძალულ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
ერთი თვის განმავლობაში ინსპექტორებმა სულ ამოიღეს 525 უკანონო ხმოვანი მოწყობილობა (ე.წ. „მანოკი“).
რაც შეეხება უკანონოდ მოპოვებულ ბუნებრივ რესურსებს, ბრაკონიერებმა სულ 66 ფრინველი მოინადირეს: 63 მწყერი, 1 კაკაბი, 1 ოფოფი და 1 ხოხობი.