თაღლითობის ახალი ტალღა საქართველოში: მოქალაქეებს მობილურ ტელეფონებზე ყალბი SMS შეტყობინებები მისდით.
ტექსტში წერია, თითქოს მათ გადაუხდელი საგზაო ჯარიმები აქვთ და თუ სასწრაფოდ არ გადაიხდიან, საბანკო ანგარიშები გაეყინებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო იმერეთს" ოფიციალურად განუცხადეს, რომ ამ შეტყობინებებს სახელმწიფო უწყებებთან კავშირი არ აქვს.
თაღლითები სპეციალურად იგონებენ ისეთ არარსებულ სახელს, როგორიცაა "სატრანსპორტო საშუალებების მართვის დეპარტამენტი“, რათა ხალხი შეაშინონ. შეტყობინებას თან ახლავს ყალბი ბმულიც, რომელიც თიბისი ფეის ჰგავს, მაგრამ რეალურად თაღლითური საიტია. მისი მიზანია, ადამიანებმა საბანკო ბარათის მონაცემები ჩაწერონ, რის შემდეგაც მათი ანგარიშიდან ფულს მოიპარავენ.
შსს მოუწოდებს მოსახლეობას, არ ენდონ მსგავს შეტყობინებებს, არავითარ შემთხვევაში არ გადავიდნენ მათ მიერ გამოგზავნილ ბმულებზე; არ შეიყვანონ საბანკო ბარათის მონაცემები. ჯარიმების არსებობის გადამოწმება შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალურ საიტებზე ან პირად საბანკო აპლიკაციებში.