საქართველოში არსებული უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, სოციალური პრობლემები, უსამართლობა და ხშირ შემთხვევაში  პოლიტიკური დევნა  ბევრ ქართველს  აიძულებს, რომ ქვეყანა დატოვოს. 

საქართველოდან წასული ადამიანები ეძებენ ისეთ ქვეყანას, სადაც იქნებიან უსაფრთხოდ, შეძლებენ ოჯახების რჩენას და ასევე რაღაც რაოდენობის თანხის საქართველოში გამოგზავნას.

"ინფო იმერეთი" პერიოდულად  ემიგრაციაში მცხოვრები ადამიანების სათქმელს აშუქებს. დღეს ამერიკაში მცხოვრებ ნინო იმედაძეს ვესაუბრეთ. 

- ნინო, როგორ აღმოჩნდით ემიგრაციაში?

- მე და ჩემი ოჯახი გავხდით პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. „ქართული ოცნების“ პრორუსული მთავრობის, მათთან დაკავშირებული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისა და ზოგიერთი სამართალდამცველის მხრიდან, ჩვენ შევხვდით ძალადობას, მუქარასა და შანტაჟს, რის გამოც იძულებული ვიყავით ქვეყანა დაგვეტოვებინა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც ქვეყნის სათავეში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, ჩვენი ოჯახი თავიდანვე წინააღმდეგი იყო მათი პოლიტიკის, რადგან ვიცოდით მათი პრორუსული გეგმის შესახებ. განსაკუთრებით აქტიური იყო ჩემი მეუღლე ირაკლი სოფრომაძე, რომელიც ღიად გამოხატავდა პროტესტს. ჩვენი ოჯახი მალე გახდა "ქართული ოცნების" სამიზნე. ჩემი მეუღლე არაერთხელ გახდა დევნის, შანტაჟისა და უკანონო დაკავების მსხვერპლი, რის გამოც 2021 წლის 18 სექტემბერს იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

- რას გრძნობდით მისი წასვლის შემდეგ?

- ირაკლის წასვლის შემდეგ დევნა და მუქარა ჩემზე და ჩემს ოჯახზე გაგრძელდა. მე ვეღარ ვჩერდებოდი სახლში და გამოვხატავდი ჩემს პროტესტს. 2024 წლის 24 აპრილს ჩავერთე რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციაში და საჯაროდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. მეორე დღიდან, 25 აპრილიდან, დაიწყო თვალთვალი, დაშინება და ფიზიკური ძალადობაც ჩემს მიმართ. ამის გამო, ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე და ჩემი ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ქვეყანა დაგვეტოვებინა. 

რომ არა ის დიდი მუქარა, შანტაჟი და იძულება, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას, იმდენად რთული გზა უნდა გამევლო ამერიკაში მოსახვედრად, დაახლოებით 6 ქვეყნის გავლა მომიწია და უამრავი სირთულე გზაში, თანაც 2 მცირეწლოვანთან ერთად,

- როგორია თქვენი ცხოვრება დღეს?

- დღეს ვცხოვრობთ მშვიდად და დაცულად, ვმუშაობთ, თუმცა გული გვტკივა ჩვენი ქვეყნის ბედზე. ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ქვეყანაში მძიმე შედეგები გამოიღო. რაც შეეხება დაბრუნებას, ყველა ემიგრანტის სურვილია დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ სანამ ხელისუფლებაში ისევ „ქართული ოცნებაა“, ჩვენი დაბრუნება პრაქტიკულად წარმოუდგენელია.