მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ავალიშვილი, ამილახვარი და ანთაძე – იცოდე შენი გვარის ისტორია

ავალიშვილი, ამილახვარი და ანთაძე – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ავალიშვილის, ამილახვარის და ანთაძის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ავალიშვილი – გავრცელებულია ხარაგაულში, გარდაბანსა და თბილისში. ავალიშვილების ფეოდალური საგვარეულო საქართველოში დაწინაურდა XV- XVI სს.-ში ძველი თორის მხარეში (ახლანდ. ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). საავალიშვილო (1535- 45წწ.) იმერეთის სამეფოში, 1545 წლიდან კი სამცხე- საათაბაგოში შედიოდა. XVI ს-ის 70- 80 წლებში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII ს-ში ავალიშვილების ერთი ნაწილი შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში გადასახლდა, საკუთარ მიწა-წყალზე დარჩენილნი გამაჰმადიანდნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლ-კახეთის ავალიშვილები იყვნენ ეპისკოპოსები, ეკავათ მოურავთა, ეშიკაღაბაშთა, მეითართა და სხვა თანამდებობები. ავალიშვილები ძველად ციციშვილთა გვარს ენათესავებოდნენ და წინაპარს სახელად ავალა ერქვა.

ამილახვარი – დიდი სათავადო საგვარეულოა ქართლში. გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი (“ამირ ახურ” – არაბული სიტყვა და საჯინიბოს უფროსს ნიშნავს). დიდმოხელეთაგანი ფეოდალურ საქართველოში, სამეფო საჯინიბოებისა და აბჯარ-საჭურვლის გამგე, სათანადო მოხელეების უფროსი.

ანთაძე – გავრცელებულია ვარძიაში (ორჯონიკიძის რაიონი). შეიცავს საკუთარ სახელს ანთა, ანთაი. ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც საკუთარ სახელად ქცეულა. “ანთებს” ძველად (VI- VII ს.) ეძახდნენ აღმოსავლეთ სლავიანებს, ასე რომ, “ანთაძის” დღევანდელი მიახლოებითი თარგმანი იქნებოდა რუსიძე ან რუსიშვილი, რუსაძე (აკ. შანიძე). ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამაზე მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები, როგორიცაა: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა. ამავე ძირისაა: ანთაიძე, ანთაური, ანთელავა.

ცნობისთვის, იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” ყოველ კვირას 3 გვარის ისტორიას გთავაზობთ.

კომენტარები