ქუთაისელ ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს ამერიკული ციხიდან 14 სექტემბერს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სპორტსმენის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
“მოგესალმებით გულშემატკივრებს, მეგობრებს, ნათესავებს. მინდა გაცნობოთ და გახაროთ, რომ 14 სექტემბერს აღირიცხება და აღინიშნება ჩემი თავისუფლების დღე. თავისუფლება ზუსტად ისეთია, როვორიც გახლავართ მე. გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ დარჩენილი რამოდენიმე ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში.
ამისთვის მქონდა მთელი ხუთწლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში. რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს, არ დაგზარდებით და აგისახავთ ამა თუ იმ პირობებს, ფეხბურთის სტადიონი სტანდარტებში მოთავსებული ირბინე ენის წაგდებამდე არაა პრობლემა. კრუგზე შტანგების და ტრენაჟორების დარბაზი, ტიხარი გვერდით სარბენი მანქანები ერთი ოთხი, რავიცი სკაკალკები, მძიმე ბურთები, პრესის საკაჩაო დანადგარები და სხვადასხვა ესეთი მოსამზადებელი საშუალება, რაც ჩემს ქვეყანაში არასდროს არ მქონია. ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ ესეთ პირობებში მყოფი ავთანდილ ხურციძე და მზად მყოფი კარიერის კარიერის გასაგრძელებლად.
დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფა ქცევით და დისციპლინის. მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის. პატივისცემით თქვენი ავთანდილ ხურციძე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ქუთაისელი ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს აშშ-ში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. საბრალდებო მასალების მიხედვით, ქართველი მოკრივე რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას “კუნთი” იყო. შულაიას დაჯგუფებას ბრალი რეკეტში, არალეგალურ აზარტულ თამაშებში, ფულის გამოძალვაში, თაღლითობაში და ფინანსურ მაქინაციებში ედებოდა. ხურციძეს ნიუ იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
კომენტარები