მთავარიახალი ამბებისლაიდი

აზერბაიჯანულ მხარეს გელათის მონასტრიდან განჯის ჭიშკრის წაღება სურს

აზერბაიჯანულ მხარეს გელათის მონასტრიდან განჯის ჭიშკრის წაღება სურს

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის ანარ ქერიმოვის განცხადებით, აზერბაიჯანს საქართველოდან განჯის ჭიშკრის დაბრუნება სურს.

ამის შესახებ მან ქალაქ განჯაში ვიზიტის დროს ადგილობრივ მედიას განუცხადა.

“განჯის ჭიშკრის აზერბაიჯანში დაბრუნების საკითხი იდგა საქართველოში ჩემი შარშანდელი ვიზიტის დღის წესრიგში. ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან. როგორც ცნობილია, არსებობს სახელმწიფოთაშორისი კომისია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს”, – განუცხადა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს ანარ ქერიმოვმა.

განჯის ჭიშკრის დაბრუნების საკითხზე ქართული მხარე მხარე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

ისტორიული წყაროების მიხედვით, მეფე დემეტრე I-მა (1125-1156 წწ.) 1138-1139 წლებში განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, მისი ჭიშკარი კი გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი. ფრაგმენტი ქართული წარწერით დღემდე გელათშია დაცული. ის შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშად არის მიჩნეული. დამზადებულია თუჯისა და რკინისაგან, მოპირკეთებულია ორნამენტებით და მოხატულობით.

 

“ნეტგაზეთი”

 

 

 

კომენტარები