მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“აივანი არის მორყეული, პოლიციას უთხარი, თორე მაგი არსად გადავარდება ნუ გეშინია”

“აივანი არის მორყეული, პოლიციას უთხარი, თორე მაგი არსად გადავარდება ნუ გეშინია”

აივანი არის მორყეული, ბიჭებს უთხარი ქეთინო, პოლიციას უთხარი, თორე მაგი არსად გადავარდება ნუ გეშინია, – ასე მიმართა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წარმომადგენელს, როდესაც მმართველი გუნდის წევრებმა პოლიცია გამოიძახეს და ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ჯერ აივანზე გაიყვანეს, შემდეგ კი სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

საკრებულოს თავმჯდომარე უკმაყოფილებას გამოთქვამს ვიდეოგადაღებაზეც, რადგან მისი თქმით, “გადაღების საკითხი კენჭისყრაზე არ დამდგარა”, თუმცა მედიას აქვს უფლება, საკრებულოს სხდომა გადაიღოს და გააშუქოს.

ოპოზიციამ საკრებულოს სხდომაზე დღეს სცადა გაესაჯაროვებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხარაგაულში ფულს სოციალური შემწეობის მიზნით ადგილობრივი მაღალჩინოსნები იღებენ, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით კიკნაძემ დაადასტურა, რომ მისი შვილები სოციალურ დახმარებებს იღებენ იმ ფონზე, როცა მისი ხელფასი 3 410 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს, მანანა ბარბაქაძე მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვდა, მათ შორის ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგაც, რომლის მიხედვითაც “ნაციონალური მოძრაობა” ვარაუდობს, რომ მანანა ბარბაქაძეს დიპლომი გაყალბებული აქვს.

ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი მის მიერ სოციალურ ქსელში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური გვერდიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაწყევლას უკავშირდება, რაზეც მან განაცხადა, რომ პირადი გვერდიდან დაწერა სურდა, თუმცა აერია.

კომენტარები