მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

აკაკი წერეთლის მასწავლებლები ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში

აკაკი წერეთლის მასწავლებლები ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში

ქუთაისის კლასიკური გიმნაზია (ამჟამინდელი აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის # 1 საჯარო სკოლა) არის მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისა და მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ბუმბერაზ შემოქმედთა თითქმის სრული შემადგენლობის აღმზრდელ-დამფრთიანებელი. აღნიშნული სასწავლებლის ცენტრალურ კარიბჭესთან არსებული ორი გრძელი მემორიალური დაფა ძლივს იტევს ეპოქალურ მოღვაწეთა სახელებსა და გვარებს, რომლებიც აქ სწავლობდნენ. მათ შორის ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა აკაკი წერეთელი, რომელიც 1852-1859 წლებში იღებდა განათლებას ხსენებულ სასწავლებელში. მიუხედავად მეცხრამეტე საუკუნის რუსული იმპერიალისტური პოლიტიკისა, რომელიც იმჟამად ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაშიც მკვეთრად იგრძნობოდა, იმ პერიოდის აქაურ აღზრდილთაგან სრული უმრავლესობა შემდგომში საქართველოს ერთგული, პატრიოტი შვილები და მოამაგე მოღვაწენი გახდნენ.

აკაკი წერეთელს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ასწავლიდნენ პედაგოგები: დეკანოზი გიორგი გამრეკელოვი (გამრეკელი), ვიქტორ ნიკოლოზის ძე ტროე, მიხეილ ანდრიას ძე საპეგა, პეტრე მიხეილის ძე პანიზოვკსი, კაზიმირ ფაბიანეს ძე როდზევიჩი, მუსიე ტურესი, ხორანსკი, ლევანდა, დიდებულაძე, სერებრიაკოვი, ჩიჯავაძე, გოლოვინი, ომარ-ეფენდი, მაისურაძე და სხვები.

აკაკი წერეთლის ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის წლებში, სხვადასხვა დროს, აღნიშნული სასწავლებლის დირექტორები იყვნენ: კოცებუ, რაევსკი-კრესტიანოვი, პესოჩინსკი. ამავე პერიოდში ქუთაისის გიმნაზიის ინსპექტორები იყვნენ: განგესოვი და გონჩაროვი.

ვიქტორ ტროე იყო ეთნიკური ფრანგი. მისი მამა ყოფილა სამხედრო ჩინით კაპიტანი, რომელიც 1812 წლიდან რუსეთის იმპერიაში ცხოვრობდა. ვიქტორ ტროე სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. შემდგომში მან მუშაობა დაიწყო მასწავლებლად და ის 1849 წლის 26 სექტემბრიდან ეწეოდა ქუთაისში პედაგოგიურ საქმიანობას, კერძოდ ქალაქის სამაზრო სასწავლებელში. შემდგომში ტროე თბილისში გადაიყვანეს პედაგოგად, თუმცა, მალევე, პირადი თხოვნის საფუძველზე, ის 1851 წლიდან დაბრუნდა ქუთაისში, სადაც განაგრძო თავისი პროფესიული საქმიანობა. 1852 წლის 1 იანვარს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის განკარგულებით ვიქტორ ტროე მესამე მასწავლებლად დანიშნეს ქუთაისის გიმნაზიის სამაზრო კლასებში.

ვიქტორ ტროეს მიმართ განსაკუთრებული გულითადი დამოკიდებულება ჰქონდა აკაკი წერეთელს, რომელიც მასწავლებელ ტროეს უწოდებდა „საყვარელ მოძღვარს“ და მის შესახებ წერდა: „ეს საყვარელი მოძღვარი მხოლოდ ოთხ კლასამდე ასწავლიდა. უფროს კლასებში ნება აღარ ჰქონდა, რადგან უმაღლესი სასწავლებელი არ ჰქონდა დამთავრებული. თუ კი რამ ვისწავლეთ რუსული – მის ხელში და მის შემდეგ კი იმ უფროს კლასებში მეოთხედან დაწყებული, თუ რამ დაგვაკლდა რა, თვარა არ შეგვეძინა რა“, – წერდა აკაკი წერეთელი.

მიხეილ ანდრიას ძე საპეგა ქუთაისის გიმნაზიაში რუსულ ენას ასწავლიდა აკაკი წერეთელს. 1849 წელს მან დაასრულა სტავროპოლის გიმნაზია. შემდგომ მალევე ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტში, საიდანაც მესამე კურსიდან გამოსულა. საპეგა აკაკის ასწავლიდა მეოთხე კლასში.

პეტრე მიხეილის ძე პანიზოვსკი 1853 წლიდან ქუთაისის სამაზრო სასწავლებელში ზედამხედველად და მასწავლებლად დანიშნეს, ხოლო 1857 წელს გადაიყვანეს ქუთაისი გიმნაზიაში რუსული სიტყვიერების პედაგოგად.

კაზიმირ ფაბიანეს ძე როდზევიჩი იყო მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი. ის რუსეთის იმპერიის სხვადასხვა სასწავლებელში მოღვაწეობდა. 1854 წელს როდზევიჩი სტავროპოლიდან გადმოსახლდა ქუთაისში. ის დაქორწინებული იყო ქუთაისელ ქალზე, გვარად მიქელაძეზე. კაზიმირის უმცროსი ძმა კონსტანტინე როდზევიჩი პროფესიით იყო ექიმი და ასევე, ისიც საქართველოში მსახურობდა.

აკაკი წერეთლის კიდევ ერთი მასწავლებელი მუსიე ტურესი იყო ფრანგული ენის პედაგოგი. ქუთაისის გიმნაზიაში, მესამე კლასში სწავლის პერიოდში, აკაკი წერეთელი მუსიე ტურესის სახლში ცხოვრობდა. ფრანგული ენის მასწავლებელ ტურესს, თავისი თხოვნითა და ინიციატივით და სამოქალაქო გუბერნატორის თანხმობითა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს ნებართვით 1863 წელს თავადაც გაუხსნია ორკლასიანი სასწავლებელი და პანსიონი.

აღსანიშნავია, რომ აკაკი წერეთლისათვის ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლა, აქ განათლების მიღებასთან ერთად იყო ასევე პატრიოტულ-ეროვნული სულისკვეთების ჩამოყალიბების წლები, რადგან სწორედ აქ აკაკი თავად გამოიწრთო რუსული დამპყრობლური იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლ მამულიშვილად და ბუმბერაზ მგოსნად.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები