მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ამბიკონ სტილსის” საქმიანობა ქუთაისის მოსახლეობას ისევ პრობლემებს უქმნის

“ამბიკონ სტილსის” საქმიანობა ქუთაისის მოსახლეობას ისევ პრობლემებს უქმნის

ქუთაისის მოსახლეობა აცხადებს, რომ მეტალურგიული ქარხანა გარემოს დაბინძურებას განაგრძობს.

ადგილობრივების თქმით, იმის მიუხედავად, რომ ივლისში “ამბიკონ სტილსს“ მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერდა, რადგან სპეციალური ფილტრები არ ჰქონდა, მუშაობის განახლების შემდეგ არაფერი შეცვლილა და ქალაქის მოსახლეობა ისევ დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, რაც მათ ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

ზაფხულში ქუთაისში მოსახლეობამ მეტალურგიულ ქარხანასთან აქციები გამართა. მათი მოთხოვნა ქარხანაში შესაბამისი სტანდარტების ფილტრების მონტაჟი იყო.

მალევე ზედამხვედველობის სამსახურმა “ამბიკონ სტილსს“ მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერა, რადგან მათი ინფორმაციით, ინსპექტირებით დადგინდა, რომ კომპანია საქმიანობას ახორციელებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გადაწყვეტილებით დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს.

“საწარმოს ეზღუდება საქმიანობის (მეტალურგიული წარმოება) განხორციელება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ტექნოლოგიურ ციკლთან საწარმოს საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანამდე და სათანადოდ გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოყენების გარეშე.

ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 10 000-დან 30 000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი 20 000-დან 60 000 ლარამდე”, – აცხადებდნენ ზედამხვედველობის სამსახურში.

ამის მიუხედავად, ქარხნის გამონაბოლქვი მოსახლეობას ამ დრომდე პრობლემებს უქმნის და არ არის გამორიცხული, მეტალურგიულ ქარხანას დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწიოს.

კომენტარები