საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში 26 ოქტომბრის არჩევნებში დარღვევებსა და შედეგების გაყალბებაზე დეტალურად ისაუბრა.
კრისტიან ამანპურთან პირდაპირ ჩართვაში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავს, მისი პარტია კი მიზანმიმართულად ეწევა ევროინტეგრაციის საბოტაჟს.
“მტკიცებულება არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% მხარს უჭერს ევროპულ გზას და ევროინტეგრაციას, მოულოდნელად კი აღმოჩნდა, რომ ერთ არჩევნებში ყველაფერი შეიცვალა. საქმე ისაა, რომ ამ არჩევნებში ყველა სახის გაყალბების მეთოდი იქნა გამოყენებული, განსაკუთრებით ახალი, ელექტრონული ხმის მიცემის პირობებში, სადაც დამტკიცდა, რომ გამოყენებულ იქნა ერთი და იმავე ადამიანების პირადობის მოწმობები შვიდჯერ, ათჯერ, ჩვიდმეტჯერ. ახლა მიმდინარეობს იმის დამტკიცების პროცესი, რომ ამას ჰქონდა სისტემური ხასიათი. ჩვენ ადრეც გვინახავს საქართველოში დარღვევები, მაგრამ ასეთი მასშტაბების დარღვევები უპრეცედენტოა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ფულის ინტერესებს იცავს.
“ის ნამდვილად საკუთარ ინტერესებს იცავს, საკუთარი ფულის ინტერესებს, რაც აღიარა კიდეც თავის ინტერვიუში. თუმცა, ასევე ფაქტია, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკა ბოლო წლებში მეთოდურად მიიწევს მოსკოვისკენ და კრემლიდანაც მუდმივად აქებენ ქართულ ოცნებას. ახლაც, ამ არჩევნების შემდეგ, კომპლიმენტები არ დაიშურეს ივანიშვილის პარტიის მიმართ. ქართული ოცნება მუდმივად ცდილობს, რომ შესაბამისობაში იყოს რუსულ პროპაგანდასთან ბევრ საკითხში, მოსკოვში კი სურთ, რომ საქართველო არ წავიდეს ევროპული გზით. ჩვენ გასულ დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ახლოს ვიყავით მოლაპარაკებების დაწყებასთან და სწორედ ეს აშფოთებს მოსკოვს. ამიტომ, ყველა ნაბიჯი, რომელიც ბოლო თვეებში “ქართულმა ოცნებამ” გადადგა, მიმართულია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების წინააღმდეგ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები