ვინც ქუთაისი იცის, დამერწმუნება, რომ გზის ეს მონაკვეთი არის “ქუთაისის ხიბლი”, გზას მივყავართ ბაგრატის ტაძართან, კიდევ ერთი გაწვიმება საკმარისი იქნება, რომ კედელი ჩამოიქცეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქუთაისის მკვიდრი მანანა ახვლედიანი წერს.
მისივე ინფორმაციით, გუშინდელი წვიმის შემდეგ ქვები ჩამოიყარა და ნაპრალები გაჩნდა.
როგორც მანანა ახვლედიანი წერს, ამ ისტორიულ მონაკვეთზე განსაკუთრებით მოდებულია სურო, ლეღვი, დაფნა. სამივე მცენარე ხელს უწყობს ამ მრავალსაუკუნოვანი “ყორეების” გამოფიტვას, დაბერებას, რღვევას, თუმცა არსებულ ვითარებას ყურადღებას არავინ აქცევს.
“დაპირებისამებრ ვაქვეყნებ ქ. ქუთაისში, ყაზბეგის ქუჩაზე გადაღებულ კადრებს. ვინც ქუთაისი იცის, დამერწმუნება, რომ გზის ეს მონაკვეთი არის “ქუთაისის ხიბლი”, გზას მივყავართ ბაგრატის ტაძართან. ამჯერად ჩემი სადარდებელი არის გუშინწინდელი თავსხმა წვიმა, რომლის შედეგად მოხდა ვიდეოს დასაწყისში ნაჩვენები ქვების ჩამოყრა. საშინელი ზათქით ცვიოდა ქვები. გაჩნდა ნაპრალები. კედელი დეფორმირდა. მოკლედ, მზად არის ჩამოსანგრევად და კიდევ ერთი გაწვიმება საკმარისი იქნება, რომ ჩამოიქცეს.
პრობლემა დიდი ხანია, არსებობს. როგორც ხედავთ, ქვებს შორის ბათქაში გამორეცხილია დროის და უპატრონობის გამო. ქვები სხვა მონაკვეთებზეც ცვივა დიდი ხანია. არის შემთხვევები, როცა სახლების ეზოებში ცვივა და სიცოცხლისათვის საშიში მოვლენები ვითარდება. ამ ისტორიულ მონაკვეთზე განსაკუთრებით მოდებულია სურო, ლეღვი, დაფნა. სამივე მცენარე ხელს უწყობს ამ მრავალსაუკუნოვანი “ყორეების” გამოფიტვას, დაბერებას, რღვევას. დაუჯერებელია ეს მდგომარეობა შეუმჩნეველი დარჩენოდა ქუთაისის ხელისუფლებას, თუმცა ყურადღების მიქცევას არავინ ცდილობს. იქნებ უფალმა მაინც გადმოგვხედოს და “გოდო” მაინც გამოუშვას. “გოდო”, რომელიც არასდროს არსად არ მისულა და მხოლოდ ქართველები ველოდებით, იბერია რომ გააბრწყინოს.
ძნელად დასაჯერებელია ამ სტატუსს მიაქციოს ვინმემ ყურადღება. საერთოდ ნახოს ვინმემ. ნახვის შემთხვევაშიც, რა მერე??. და ადამიანებიც მინიმუმ მეორე თავსხმამდე მივჩუმდებით. არადა ტურისტებით არის სავსე აქაურობა. ხალხს თუ არა, ტურისტებს მაინც მოუფრთხილდნენ. აბა, ჩვენ დიდი ხანია, აღარ გვეკუთვნის საქართველო. ასეთია ხვედრი “გოდოს” მოლოდინში გატრუნული ერისა…”, – წერს მანანა ახვლედიანი.
კომენტარები