არ ვიცი ვინ არის, სურვილიც არ მაქვს ვიცოდე, მათი კრებსითი სახელი არის ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლები. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ საფუძველი ნერვიულობდნენ, წარმოადგენენ იმ გუნდს, რომელსაც ხელს უშლის განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები, ამ შემთხვევაში ჩვენ, ოპოზიციონერები, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სამტრედიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
“დღეს ჩვენ გავხსენით ოფისი, მიმდინარეობდა შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან და ამომრჩევლებთან, რომლებიც თავის დროზე იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, მათ შორის “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, არ მინდა უაპელაციოდ ხელი დავადო ვინმეს, მაგრამ რაც ხდება ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც ახალგაზრდებს სახლებთან უსაფრდებოდნენ და მხოლოდ იმიტომ უსწორდებოდნენ ფიზიკურად, რომ ისინი იცავდნენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, არანაირი გასაკვირი არ უნდა იყოს. ამაზე უარესიც მოხდება, მაგრამ ეს ხელისუფლება დამარცხდება და მათთვის იქნება ეს ყველაზე მძიმე განაჩენი 26 ოქტომბერს.
სამტრედიაში “კალაძის კლანის” წარმომადგენლები დარწმუნებული ვარ, ასე ლაჩრულად მოქმედებენ. ამ ინციდენტის შემდეგ ჩვენი შტაბის მოპირდაპირე მხარეს, ქელეხი იყო და იქ შევარდა. ამორალური ხელისუფლება დგას ამორალურ ადამიანებზე. ეს ხელისუფლება დამარცხდება, ნურავის ექნება მოლოდინი, რომ ეს არჩევნები გაყალბდება, ამის მცდელობა ამ ხელისუფლებას ყოველთვის ექნება, მაგრამ ვერ გააყალბებს, რადგან ყველა მივდივართ არჩევნებზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით არავისთვის მიმართვას არ აპირებს.
ნიკა მელია დღეს სამტრედიაში, პარტიის ოფისის გახსნის შემდეგ მედიის შეკითხვებს პასუხობდა, როდესაც მასთან მამაკაცი მიიჭრა და დაარტყა.
კომენტარები