შემზარავი დანაშაულის უმძიმესი გაგრძელება – ასე უწოდებენ უფლებადამცველები იმ ფაქტს, რომელიც ქუთაისის სასამართლოში მოხდა.
მოსამართლე ციცინო მოსიძემ კაცს, რომელიც 12 წლის მოზარდთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და მისი პირობით გათავისუფლება მოხდა.
მამაკაცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც პირობით გამოსაცდელ ვადად გაფორმდა.
იურისტები ამბობენ, რომ ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემდეგ ბრალდებულთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს, სასამართლო კი, ამ შეთანხმებას ყოველგვარი ეჭვის შეტანის გარეშე ამტკიცებს.
მესამე სექტორის თქმით, ეს კი ნიშნავს იმას, რომ სისტემა იცავს მოძალადეს და დაუცველს ტოვებს ბავშვებს.
მოსამართლე ციცინო მოსიძე აცხადებს, რომ ამ საქმის დეტალებზე საუბარი არ სურს.
“ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ”,- აღნიშნა ციცინო მოსიძემ.
აღნიშნული სასამართლო პროცესი ქუთაისის სასამართლოში 2021 წელს ჩატარდა, თუმცა ამბავი მას შემდეგ გაჟღერდა, რაც რამდენიმე დღის წინ სტატია ინტერნეტგამოცემა “ბათუმელებმა” გამოაქვეყნა.
კომენტარები