მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ამ წერილს საქართველოს მოსახლეობას ვწერ, უნდა იცოდნენ რას შეიძლება მოაწერონ ხელი“

“ამ წერილს საქართველოს მოსახლეობას ვწერ, უნდა იცოდნენ რას შეიძლება მოაწერონ ხელი“

ეს არის ინიციატივა, რომელიც არც კი უნდა გასჩენოდა არავის იდეად, რადგან ის საბოლოო ჯამში მოსახლეობის პოლიტიკისგან, გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გათიშვას ისახავს მიზნად, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია, სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

“ამ წერილს საქართველოს მოსახლეობას ვწერ, რადგან მათ უნდა იცოდნენ საკუთარი დუმილით თუ რას შეიძლება მოაწერონ ხელი. ე.წ. ინიციატივა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” არის საფრთხე თითოეული მოქალაქისთვის, რომელთათვისაც ძვირფასია ცნებები: ადამიანი,  თავისუფლება, ღირსება და ღირებულება.

დღეს, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას გვსურს მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები გვეუბნებიან, რომ აღნიშნული ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ღირებულებს – აქ წესით, უნდა დასრულდეს მცდელობაც კი გაგრძელდეს ამ ინიციატივის განხილვა.

ეს არის ინიციატივა, რომელიც არც კი უნდა გასჩენოდა არავის იდეად, რადგან ის საბოლოო ჯამში მოსახლეობის პოლიტიკისგან, გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გათიშვას ისახავს მიზნად.

ამის მაგალითები უამრავია რუსეთის ფედერაციაში, ბელარუსში და რამდენიმე კიდევ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.

პირველი პრობლემა, რაც მალევე ამ ინიციატივის თუნდაც პრინციპის დონეზეც კი მიღება გამოიწვევს, არის ევროკავშირის მიერ კანდიდატი სტატუსის ქვეყნის საკითხის ნეგატიურად გადაწყვეტა, შესაძლოა, უფრო მეტიც, რაც გვაქვს “პერსპექტივა” მისი გადახედვასაც კი. აღნიშნული გადაწყვეტილებები გადაიყვანს ქვეყანას მოლოდინის რეჟიმში მრავალი წლით. შეჩერდება მრავალი პირდაპირი დასავლური ინვესტიცია, გადაიხედება მიგრაციული პოლიტიკა საქართველოსთან, პრობლემა გაუჩნდებათ არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საბუთების მიღების პროცესში, არაფერს ვამბობ, რომ სერიოზული საერთაშორისო ზიანი მიადგება ქვეყნის იმიჯს.

და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ შესაძლო გამოწვევების, რაც ქვეყანას შეიძლება დაუდგეს. დავფიქრდეთ, გვსურს ჩვენ ავიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა და მოვაწეროთ ხელი, რომ მზად ვართ დავაბრუნოთ ქვეყანა 30 წლით უკან.

ეს მათ შორის იქნება სერიოზული პრობლემების დასაწყისი თავად „ქართული ოცნებისთვის“. აღნიშნული ინიციატივით პირველ რიგში შიდა ანგარიშსწორებები დაიწყება, რომ უფრო მყარად მართონ თავიანთი რიგები, რაც შიდა და გარე რეპრესიებს მოიტანს და ქვეყანა ტურბულენტური ვითარებიდან (რაც ბოლო დროს ქრონიკული გახდა) შევა მრავალწლიან პოლიტიკურ რეგრესში, რომელიც მოქალაქეებზე პირდაპირ აისახება სოცუალური, პოლიტიკური და სხვა შესაძლებლობების შემცირებით.

დიახ, ამ ერთ ინიციატივას შეუძლია ასეთი მრავალწლიანი რეგრესი გამოიწვიოს, რადგან ეს კანონპროექტი თავისი არსით არაკონსტიტუციურია, არადემოკარტიულია, დისკრიმინაციულია და უქმნის სერიოზულ პრობლემებს ქვეყნის უსაფრთხოებასაც კი.

გერმანელმა ფაშისტებმაც წარმატებით შეაძლიეს საკუთარ მოსახლეობას მტრების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებელი კანონების მიღება, რაც ხელისუფლების უზურპაციით და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულით დასრულდა.

კაცობრიობას ჩვენ ვერ გავწვდებით, მაგრამ უამრავ საკუთარ მოქალაქეს კი მხვერპლად აქცევს ეს ინიციატივა და პირველ რიგში მის ავტორებს“, – წერს კოხრეიძე.

 

 

კომენტარები