დღეს ჩვენ ვიმყოფებით საუკუნის პროცესზე, რომელსაც ჰქვია საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი “რუსული კანონის“ წინააღმდეგ – საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იქნება მოწმე იმისა, როგორ ინგრევა კონსტიტუცია და მასთან ერთად, როგორ ანგრევენ სახელმწიფოს, კონსტიტუციის ძალით თქვენ გაქვთ ვალდებულება, იმოქმედოთ ახლა, მყისიერად,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა ანა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ სასამართლო აღნიშნული კანონის სადავო ნორმების მოქმედებას არ შეაჩერებს, ეს სახელმწიფოსთვის შეუქცევად ზიანს გამოიწვევს.
‘როდესაც კანონი ასეთ მძიმე, შეუქცევად ზიანს აყენებს ქვეყანას, მისი არშეჩერება შეგვიძლია შევაფასოთ როგორც ცნობილი შეფასება მართლმსაჯულებისა, რომ გადადებული სამართალი არის წართმეული სამართალი. ამ კანონის მოქმედების გაგრძელება იქნება წართმეული სამართალი მოსარჩელეებისთვის. აქ და ახლაა მნიშვნელოვანი დავიცვათ სიკეთე, რომელსაც იცავს 78-ე მუხლი და კონსტიტუციის არაერთი სხვა ნორმა. ჩვენ ვართ საუკუნის პროცესის მონაწილენი და ამაყი ვარ, რომ ამ პროცესის ნაწილი ვარ, ამ პროცესში ყველა თვითონ ვირჩევთ საკუთარ როლს. პატივცემული სასამართლოც თვითონ აირჩევს საკუთარ როლს. ეს როლი შეიძლება იყოს ნებისმიერი, გარდა ერთისა – თქვენ ვერ აირჩევთ მოწმის როლს. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იქნება მოწმე იმისა, როგორ ინგრევა კონსტიტუცია და მასთან ერთად, როგორ ანგრევენ სახელმწიფოს. კონსტიტუციის ძალით თქვენ გაქვთ ვალდებულება, იმოქმედოთ. იმოქმედოთ ახლა, მყისიერად“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კომენტარები