მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არავინ საუბრობს როდის დაიწყება გადახურვა და შეხვდება თუ არა გელათი მეხუთე ზამთარს დაცული”

“არავინ საუბრობს როდის დაიწყება გადახურვა და შეხვდება თუ არა გელათი მეხუთე ზამთარს დაცული”

გელათში ვითარება უცვლელია. “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებლის თორნიკე ბარათაშვილის ცნობით, მონასტერი ისევ ჩაკეტილია და გუმბათის გადახურვის სამუშაოები არც დაწყებულა.

“უპრეცედენტოა ის მასშტაბი, რაც უპასუხისმგებლობასთან დაკავშირებით არის გამოვლენილი, უკვე მეხუთე ზამთარი მოდის და ჩვენ არ ვსაუბრობთ რესტავრაციაზე, კონსერვაციაზე, სახურავის გამოშრობის ხელშეწყობაზე, ვსაუბრობთ ისევ დროებით გადახურვაზე, ეს ისევ მიუწვდომელი და ისევ განუხორციელებელია. ჯერჯერობით მიუღწეველია ის, რომ დაიწყოს გუმბათის გადახურვა. თავისივე დაწესებული რამდენიმე ვადა დარღვეულია. საერთოდ არავინ საუბრობს როდის დაიწყება გადახურვა და შეხვდება თუ არა გელათი მეხუთე ზამთარს დაცული”, – აცხადებს ბარათაშვილი.

ფოტოგრაფ არჩილ გეგენავას განცხადებით, გელათში იგივე პრობლემები არსებობს, რაც 5 წლის წინ იყო.

“12-წლიანი უპასუხისმგებლობა მმართველობის ნაწილი გელათსსაც გადასწვდა. 5 წელია, უკვე ეს პრობლემა არის და პასუხნაგები პირი არ არსებობს. რეალური პრობლემა, რაც მაშინ იყო, 5 წლის უკან, დღესაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ დროებითი კონსტრუქცია გააკეთეს, ხატების ჩამოშლა ისევ გრძელდება, გელათის პრობლემა პრობლემად რჩება და საზოგადოება დუმს”, – აცხადებს გეგენავა.

გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის 2 ივლისიდან დაკეტილია. საპატრიარქომ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვა დაასახელა. ამ პერიოდში ტაძრის დროებითი გადახურვის მასშტაბური სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო და 15 აგვისტოს გახსნილიყო, თუმცა საპატრიარქო კომიტეტმა 16 აგვისტოს მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ძლიერი სიცხის გამო რეაბილიტაციის პროცესი გაჭიანურდა და ტაძარი დათქმულ დროს ვერ გაიხსნებოდა. საპატრიარქოს ამ დრომდე არ დაუსახელებია სამონასტრო კომპლექსის გახსნის თარიღი.

ამასობაში კი ცნობილი ხდება, რომ წყალი გელათს მხოლოდ სახურავიდან კი არ უტევს, არამედ საძირკველიდანაც. საქმე ეხება გრუნტის წყლებს, რომელიც გელათის ეზოში აღმოსავლეთ მხრიდან შემოდის, გროვდება და შემდეგ ტაძარში ტენის სახით გამოიყოფა.

ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე “აი ფაქტმა” ჩაატარა.

კომენტარები