პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ სტატუსის მიღების გადაწყვეტილებას დაელოდება, შემდეგ კი „ყველაფერს ფარდას ახდის“.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა მთავრობის უმოქმედობაზე ისაუბრა.
„არჩევნებისა და კოვიდის შემსუბუქების შემდგომ არ ყოფილა ხელისუფლების, მთავრობის მხრიდან მაღალი დონის ვიზიტები რომელიმე წამყვან ევროპულ ქვეყანაში – გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი ან კიდევ დიდი ბრიტანეთი, არც აშშ-ში და არც კანადაში.
ჩვენთან ასევე შესამჩნევლად შემცირდა მაღალი დონის ევროპელი ვიზიტორები. ესეც ხომ რაღაცის მანიშნებელი უნდა იყოს და უნდა დავფიქრდეთ. ამავე დროს, ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ყველას ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით. სამივე ბალტიის ქვეყანა ტრადიციულად ჩვენი მთავარი მოკავშირეები იყვნენ ევროინტეგრაციის გზაზე, პოლონეთი, რომელიც ესოდენ ჩართული არის, ეხმარება უკრაინას და ცხადია, თვითონ უკრაინა.
თვითონ შარლ მიშელი სამჯერ ჩამოვიდა ამ ქვეყანაში და გვევლინებოდა, როგორც ერთ-ერთი ჩვენი ინსტიტუციური მხარდამჭერი, მაგრამ მას აღარც ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენ მხარეს დადგეს, რამეთუ მას მიუბრუნდებიან და ეტყვიან, რომ თქვენი დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერს მხარს. ასევე, გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტის ყველაზე ძლიერი პარტია, რომელიც ასევე ევროპარლამანტის თავმჯდომარის პარტიაა, ანუ, ყველა ის ინსტიტუტი და დღეს კიდევაც ერთგვარად ვიმუქრებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო. არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ ვხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, მემგონი, ეს უნდა გვადარდებდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარები