მეც, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემ გაჩუმებას, იქნება ეს კლინიკაში თუ ციხეში, თუ სასამართლო სხვადასხვა გარჩევების დროს, მთავარია საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ ვიყო ჩართული საქართველოს გადარჩენის პროცესში. ჩვენ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში, მე ყოველდღიურად ვგრძნობ ამ ადამიანების, ჩვენი ადამიანების სითბოს, თანადგომას და ჩვენ არ შევალახვინებთ ჩვენი ხალხის ღირსებას არჩევნების მოპარვით და გაყალბებით, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
“როცა მეკითხებიან რატომ ჩავიგდე თავი საფრთხეში, თავი იმიტომ ჩავიგდე საფრთხეში, რომ ამ უბედურების ყურება გვერდიდან და ამის გადატანა შორიდან, თუნდაც ეს ყოფილიყო საკუთარი სიცოცხლის ფასად, არ შემეძლო. ამიტომ ის გრძნობა, სასოწარკვეთის, რომელიც თქვენ გაქვთ, უცხოეთში მყოფ ქართველებს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა თქვენი ქვეყნის მდგომარეობას უყურებთ შორიდან. მე მინდა, რომ ეს სასოწარკვეთის განცდა გადავზარდოთ ბრძოლის და წინსვლის, ერთიანობის განცდაში.
ყველაფერი, რაც ხდება ჩემს თავს, ყველაფერი, რაც ხდება საქართველოს თავს, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. ეს არის დიდი უსამართლობა ჩემი ხალხის მიმართ, ეს არის დიდი უსამართლობა ყველაფერ იმის მიმართ, რაც საქართველომ დაიმსახურა ამხელა ბრძოლით, რამდენი ათწლეული იბრძვის იმისთვის, რომ რაღაც ადამიანური ცხოვრება იყოს. თითქოს უკვე სადღაც მივდიოდით და გამოგვაცალეს ეს ხალიჩა ფეხქვეშ და ისევ უნდათ, რომ წაქცეულები ვიყოთ. აუცილებლად წამოვდგებით ფეხზე, აუცილებლად ვიქნებით მაგრად, მეც ვიქნები მაგრად მტრის ჯინაზე!” – განაცხადა სააკაშვილმა.
კომენტარები