“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა დიდ შეცდომად მიაჩნია, თუმცა მიიჩნევს, რომ ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქს სტატუსის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს.
ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ჯაფარიძემ “ქართული ოცნების” შეუსრულებელ დაპირებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ძლიერი საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, ქუთაისი დაიბრუნებს მის ისტორიულ ფუნქციას, როგორც საგანმანათლებლო, კულტურული და ინდუსტრიული ცენტრი.
“ქუთაისი არის მკაფიო მაგალითი იმ უნიათო და მავნებლური მმართველობის, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“ ბოლო 12 წლის განმავლობაში. იმ შეუსრულებელი დაპირებების, რომელიც გაცემული იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით და ჩვენს უკან დგას სწორედ ერთ-ერთი ასეთი დანგრეული შენობა, ყოფილი ქარხანა, დასაქმების მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც დღეს, გაპარტახებულია და რა თქმა უნდა, არაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ ეს ქარხანა აღდგენილიყო, მეტიც, ადამიანები, რომლებიც ამ ქარხნის ირგვლივ ცხოვრობდნენ, ქალაქიდან წავიდნენ. ქუთაისი, რომელიც ზომით საქართველოს მეორე ქალაქი იყო, დღეს უკვე მეოთხე ქალაქი გახდა და ვინც დარჩა, ამ არაჩვეულებრივი, უზარმაზარი ტრადიციების მქონე ქალაქიდან წასვლაზე ფიქრობს.
ჩვენი კოალიცია „ძლიერი საქართველო“ იღებს პირობას, რომ ქუთაისი დაიბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც მას ჰქონდა საქართველოს ისტორიული კუთხით, საქართველოს ისტორიაში ყოველთვის და გამორჩეულად, როგორც საგანმანათლებლო, ინდუსტრიული, კულტურული ცენტრი, ქუთაისი კვლავ ამოქმედდება და საქართველოს გული კვლავ გაცოცხლდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
კომენტარები