მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბარათაშვილი, ბარდაველიძე და ბახტაძე – იცოდე შენი გვარის ისტორია

ბარათაშვილი, ბარდაველიძე და ბახტაძე – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ბარათაშვილის, ბარდაველიძის და ბახტაძის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ბარათაშვილი – წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ძველ საქართველოში, ქვემო ქართლის მფლობელნი. მომდინარეობს XVI ს.-დან საკუთარი სახელისაგან ბარათა. ისტორიულ წყაროებში ცნობილია ბარათა ქაჩიბაძე, რომლის შვილიშვილმა ქავთარმა სათავე დაუდო ბარათაშვილობას (1523წ.). მისგან წარმოქმნილი შტოებია: აბაშიშვილი, გერმანოზიშვილი, გოსტაშაბიშვილი, ყაფლანიშვილი, ორბელიანი. ბარათაშვილთა სამფლობელო ტერიტორიას საბარათიანო ეწოდებოდა. თვით გვარსახელი კი ზოგჯერ მოიხსენიებოდა როგორც ბარათიანი.

ბარდაველიძე – გავრცელებულია თერჯოლის რაიონსა (სოფ. ბარდუბანი) და თბილისში. საფიქრებელია, წარმომდგარი იყოს სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვისაგან- ბარდაველი. ბარდავი ქალაქი იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, “რეზიდენცია რან-მოვაკნის მმართველისა”. თვით სოფლის სახელს ბარდუბანს შესაძლებელია კავშირი ჰქონდეს გვარსახელთან, იყოს შემოკლებული ფორმა “ბარდათ უბნისა”.

ბახტაძე – “ბაჰტ” სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ბედს. ბახტა (ბახთა) – მეტსახელი გვარში ბახტაძე. შედარებითი ფორმაა ბახტარ. ამავე ძირისაა: ბახტარიშვილი, ბახტრიშვილი, ბახტურიძე, ბახტუაშვილი. ბერუა ბახტაძე იხსენიება 1776 წლის 3 აგვისტოს, ხოლო ბახუტა ბახტაძე მიწის გაცვლილობის წიგნში 1816 წლის იანვარში. სოფელ ჩხიკვათში 1721 წ. დურმიშხან საგინაშვილის მამულში მოიხსენიება ხოსიტა ბახტაძე.

ცნობისთვის, იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” ყოველ კვირას 3 გვარის ისტორიას გთავაზობთ.

კომენტარები