ბაღდათის მერი “ქართული ოცნებიდან”, კახა ენუქიძე, ამ პოსტს სულ რამდენიმე თვეა, რაც იკავებს. ის მერი 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში გამარჯვებით გახდა. მანამდე, 2017 წლის არჩევნებიდან 2021 წლის არჩევნებამდე, ოთხი წლის განმავლობაში, ბაღდათის მერის მოადგილე იყო, 2017 წლის დეკლარაცია კი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშობისას აქვს შევსებული, რა დროსაც ის აქ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
კახა ენუქიძე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მათ ერთობლივ, 50-50%-იან მფლობელობაშია თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე 142,42 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც 2016 წელს 65 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი. თუმცა, მანამდე შევსებულ, 2017-2021 წლების დეკლარაციებში ბინის შეძენის თარიღად მითითებულია 2009 წელი და ფართად – 145 კვ.მ. ბინის სხვა მონაცემები, მაგალითად, მისამართი, იდენტურია.
ბაღდათის მერის დეკლარაციებში არაზუსტიმ ან გაურკვეველი ინფორმაცია მხოლოდ ბინის შეძენის თარიღს არ უკავშირდება. მაგალითად, ბოლო, 2022 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში ორჯერ უწერია, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ბაღდათის მერის პოსტს იკავებდა. მიღებულ ანაზღაურებად კი ერთგან 14 481,4 ლარი აქვს მითითებული, მეორეგან კი – 349,69 ლარი. აღსანიშნავია, რომ ეს არის დეკლარაციის ძირითადი ნაწილი და არანაირი შესწორება და შენიშვნა თანდართული არ აქვს.
ბოლო დეკლარაციაში, ასევე, ორჯერ წერია, რომ მის საკუთრებაშია 6 500 აშშ დოლარი, რომელიც მანქანის გაყიდვიდან აქვს მიღებული, მაგრამ გაურკვეველია, ერთი მანქანის შესახებ აქვს ორჯერ გაკეთებული ჩანაწერი, თუ ორი მანქანა აქვს იდენტურ ფასად გაყიდული. არც ერთ მათგანზე სხვა რაიმე ინფორმაცია, მათ შორის, გაყიდვის წელი, არ არის მითითებული. ასევე, არ არის ამ გრაფაში შენიშვნა ან ჩასწორება. საინტერესო ისაა, რომ მანქანის გაყიდვიდან მიღებული 6 500-დოლარიანი შემოსავალი მითითებული აქვს 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაშიც. ამ მონაცემების თანახმად, გაურკვეველია, რამდენი მანქანა და რამდენჯერ გაყიდა ბაღდათის მერმა 2 წელში. დიდი ალბათობით, ეს არის 2008 წელს გამოშვებული მერსედესი E350, რომელიც 2017 წელს 8 000 აშშ დოლარად იყიდა და 2018-2020 წლების დეკლარაციებშია მითითებული.
დეკლარაციების მიხედვით, ბაღდათის მერი არანაირ სხვა ქონებას, ან რაიმე ფასიან ნივთს არც ფლობს და არც ამ პერიოდში უყიდია. ასევე, ამ წლების განმავლობაში არ მიუღია საჩუქარი და არა აქვს ფასიანი ქაღალდები. არ არის დაფიქსირებული არც ხარჯები.
2019-2021 წლების დეკლარაციებში მითითებული აქვს 13 000-ლარიანი სამომხმარებლო სესხი, რომელიც 2017 წელს აქვს აღებული, მაგრამ ეს სესხი არ არის ნახსენები 2018 წლის დეკლარაციაში. ასევე, ეს სესხი, დეკლარაციების თანახმად, უნდა დაფაროს 2022 წლის ოქტომბერში და გამქრალია 2022 წლის დეკლარაციიდან ისე, რომ არ ჩანს, ვადამდე გადაიხადა თუ კვლავ ფარავს მას. 2022 წლის დეკლარაციის შევსების დღეს ენუქიძეს TBC ბანკში სახელფასო ანგარიშზე 3 120 ლარი ჰქონდა.
2017 და 2018 წლების დეკლარაციებში მითითებული აქვს, რომ არის შპს “კაპ გრუპის” დირექტორი, მაგრამ ამ წლებში ამ კომპანიიდან მას შემოსავალი არ მიუღია. ბიზნესისრეესტრის თანახმად, აღნიშნული შპს დარეგისტრირებულია თბილისში, ნუცუბიძეზე მდებარე მისი კუთვნილი ბინის მისამართზე. კომპანია დააფუძნა თავად, იყო 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც. 2018 წლის აგვისტოში კომპანიის მესაკუთრეც და დირექტორიც გახდა ია გუმბერიძე, რომელიც სხვა რაიმე კომპანიას არ ფლობს.
წყარო: droa.ge
კომენტარები