მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბაღდათში მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა – ნაპოვნია 3 ცხედარი, 6 ადამიანს ეძებენ

ბაღდათში მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა – ნაპოვნია 3 ცხედარი, 6 ადამიანს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.

სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.

სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები