ბაღდათში, მუნიციპალიტეტის ცენტრში, მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. ქუჩაში გამოსული 4 სოფლის, რამდენიმე ასეული ადამიანი პროკურატურას უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებამ ბრალი მიწების თაღლითური გზით რეგისტრაციის საქმეზე რამდენიმე ადგილობრივს უკანონოდ წარუდგინა.
აქციის მონაწილეები მერიის დაკავებული თანამშრომლების გათავისუფლებას და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული 7 პირის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ.
ადგილობრივები დაკავებებს გავლენიანი ბიზნესმენის გამო დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს უწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცავმა უწყებამ გამოძიება მიკერძოებით დაიწყო.
პროტესტის მონაწილეების თქმით, კურორტ საირმეს მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მიწის ნაკვეთები მათი წინაპრების საკუთრება იყო და აღნიშნული ტერიტორიები მათ კანონის სრული დაცვით დაირეგისტრირეს.
“ჩვენი აქციის მიზანია, რომ ყველას მივაწვდინოთ ხმა ამ გაუგონარი უსამართლობის წინააღმდეგ. ასეთი უსამართლობის პირობებში ჩუმად ყოფნა არის ამ დანაშაულში ირიბი თანამონაწილეობა და ჩაგვრა კეთილსინდისიერი მოქალაქეების. ეს ხალხი არის უდანაშაულო, არავითარი თაღლითობა მათი მხრიდან არ მომხდარა“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
კომენტარები