მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბედიანიძე, ბერიძე და ბერუაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

ბედიანიძე, ბერიძე და ბერუაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ბედიანიძის, ბერიძის და ბერუაშვილის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ბედიანიძე – გავრცელებულია ძირითადად გარდაბნის რაიონში. გვხვდება სხვაგანაც. სავარაუდოდ, გვარი წარმოქმნილია საკუთარი სახელისგან – ბედიანა, რაც ბედის მქონეს ნიშნავს. ამავე ძირისაა გვარები: ბედიანიშვილი, ბედიანიძე, ბედინაძე, ბედანაშვილი, ბედინეიშვილი.

ბერიძე – გავრცელებული გვარია მთელ საქართველოში. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი ბერი (ზოგადი მნიშვნელობით: ვაჟი, ძე, ყმა). მისგან მიღებულია მრავალი საკუთარი სახელი, რომლებიც შესულია გვარ-სახელებში: ბერაძე, ბერეკაშვილი, ბერაია, ბერიანიძე და სხვ. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, ეს სიტყვა ძველად ზოგად ქართულში ყოფილა. ბერიძე საკუთარი სახელია ფშავში: ბერიძე ბასიტაშვილი, ბერიძე შიოშვილი, ბერიძე ავგაროზიშვლი. მესხეთში (ახალციხის რ-ნი) ბერიძეზე ასეთი თქმულება არსებობს: „სოფელ ერკოტის უმრავლესობა გვარად არიან ბერიძეები, რომლებიც ერთი ბერისაგან მოშენებულან. თათრების შემოსევის დროს ეს ბერი გამოქცეულა ზარზმიდან, თათრებს ეჭვი რომ არ მიეტანათ, ამიტომ სოფელ ერკოტში უთხოვია ცოლი, მიუყვია ხელი გლეხობისათვის და ჩუმად დარბაზებში მაინც სწირავდა ხოლმეო. გვარად კი დაწერილა ბერიძე. დღეს ამ გვარეულობას ეძახიან ზანდარიენთს, უფრო უწინ კი ეძახდნენ ზარზგიენთს“. სოფელ ფარცხისში მცხოვრებ დღევანდელ ბერიძეთა ვარაუდით, აქ გადმოსულან ასპინძის რაიონიდან. თავდაპირველად, 1873 წლის აღწერით იწერებოდნენ ბერიძესშვილებად, ხოლო 1886 წელს აღწერაში ბერიძეებად მოიხსენებიან. აქ მცხოვრები ბერიძეები ყოფილან ორ შტოდ დაყოფილი: საკუთრივ ბერიძიანები და ადოლაანებად (ადოლაშვილები). 1843 წლიდან სოფ. ბოგვში ცხოვრობდნენ როგორც ბერიძეები, ისე ბერიძეშვილები. ვახუშტი ბაგრატიონი ბერიძეთა გვარს ადრინდელ მთავრებში მოიხსენიებს (XII –XIVსს).

ბერუაშვილი – გავრცელებულია გორში, ქარელში, თბილისში. საკუთარი სახელი ბერუა – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია XVIII ს. ქვემო ქართლში. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, წალასყურსა და თელეთში მამასახლისია ბერუა. კოდელმა დავით ბერუაშვილმა 1826 წელს, ამავე სოფლის ალექსანდრე ნეველის წმ. გიორგის ეკლესიაში მონათლა შვილი პეტრე. ივანე ბესარიონის ძე ბერუაშვილი მოიხსენიება 1882 წ. სოფელ ფარცხისში.

ცნობისთვის, “ინფო იმერეთი” ყოველ კვირას 3 გვარის ისტორიას გთავაზობთ.

კომენტარები