მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბედნიერების უფლება თუ დანაშაული?

ბედნიერების უფლება თუ დანაშაული?

თაობების კრიზისი. გაწყვეტილი დიალოგი. საკუთარი ბედნიერების ძიება და ნაპოვნი პირადი სიხარულის მსხვერპლები. მშობლები და შვილები.

არავინ იცის როგორია ნამდვილად კარგი მშობელი. ყველა სადღაც ვუშვებთ დიდ და გამოუსწორებელ შეცდომას, ბავშვობაშიც და დიდობაშიც. შვილობაშიც და მშობლობაშიც. ადამიანი – ადამიანია ყველა ასაკში, საკუთარი ბედნიერების ძიების უფლებით, მაგრამ ამ გზაზე, ვიღაცა ყოველთვის მსხვერპლი ხდება.

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ნანახმა „ვაჟიშვილმა“ შიშები, რომელიც სულ დაგყვება, საკუთარი დანაშაულის შეგრძნება, რომელიც შენთან ერთად იღვიძებს და იძინებს, არასრულფასოვნების განცდა, როგორც მშობლის, ან შვილის, რომელმაც რაღაც ოდესღაც არასწორად გააკეთა, გადაწყვიტა, ან აწი ჩაიდენს სხვისთვის მტკივნეულს, -ერთიან ტრაგედიად დაატრიალა სცენაზე და ყელში სპაზმივით გაგვიჩხირა.

ტკივილისგან ვეღარ ვსუნთქავდი.

გაშორებული ოჯახის დრამა – შვილი, მოზარდი, როგორც სახლიდან წასული მამის და სახლში დარჩენილი დედის უსაშველო ბრალდება.

ვინ იცის სად არის სიმართლე? ვინ ვისი მძევალია მორალურად?

პასუხებსაც არ აქვს აზრი. აღარ აქვს, რადგან ერთი სიცოცხლე მთავრდება! და შენ ვერაფერი ქენი მის გადასარჩენად.

ფლორიან ზელერის პიესა ყველა ჩვენგანის პოტენციურ ტრაგედიას ყვება. ყვება ნამდვილი სიტყვებით და მარტივად, ყველასთვის გასაგებად იმას, რაც ხშირად ისედაც ვიცით. ვიცით, რომ მშობლების ურთიერთობები შვილების ნევრულ კვანძებად რჩება, რომელიც მერე მათი შვილების კომპლექსებად იქცევა და ასე გადის მემკვიდრობით გზას ყველა ცოცხალი ადამიანის საბედისწერო არჩევანი. მანამდე შვილი ხარ, მერე მშობელი და შეცდომების, შიშების და თვითდანაშაულის შეგრძნება არასდროს მთავრდება.

როგორ უნდა იცხოვროს ნამდვილი გრძნობებით ადამიანმა და შერჩეს სუფთა სინდისი? როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება ცოლთან/ქმართან როცა სიყვარული თავდება, ნდობა იწურება, ღიმილი და აღტაცება ილევა? თუ აქ გულწრფელია, ტყუილის გარეშე ცხოვრება უნდა  და ბედნიერების ძიების უფლებას იღებს, მაშინ შვილის დანგრეულ ფსიქიკასთან რჩება პირისპირ. რა ქნან შვილებმა? და რა ქნან მშობლებმა ამ ურთულეს, სიკეთით და სიხარულით გაიშვიათებულ სამყაროში? რა ასაკში და როგორ გადაირჩინონ თავი?

მამუკა ცერცვაძის სპექტაკლში „ვაჟიშვილი“ , კონსტანტინე ფოცხვერაშვილის ნიკოლა, ზუსტად ისეთივე თინეიჯერია, როგორებიც პრემიერაზე ჩვენს წინა რიგებში ისხდნენ, ჰუდიანი მოზარდები, ნახევრად დამალული სახეებით, ფრჩხილების წვალებით, სამმაგი მზერით, საფრთხის მოლოდინით. მათ ზურგებს ვხედავდი სპექტაკლის მსველელობის მანძილზე და ამ ასაკის მაყურებლისთვის ჩვეულ, თეატრში ყოფნის უვნებელ ყალთაბანდობას ერთი წამითაც ვერ მოვკარი თვალი. ბიჭები მათი თანატოლი ნიკოლას ცხოვერებას და სიკვდილს უყურებდნენ.   მამების და დედების ნაცრისფერ, ან ძალით გაფერადებულ ცხოვრებას ხედავდნენ. 2 საათის მანძილზე პოზაშეუცვლელი ბედისგამზიარებლები იყვნენ.

ახლა როცა ვწერ, მგონია, რომ მამუკა ცერცვაძის მონაყოლ „ვაჟიშვილში“ პიერი (გიორგი გლოველი) უბედური მამაც იყო და უბედური შვილიც. ნიკოლაც მისი წარსულის ტკივილიანი სახეა, მის ბავშვობაში ჩაკარგული (თვით)მკვლელობისკენ სწრაფვა. პიერი, რომელმაც ვერც  მამად იბედნიერა და ვერც შვილად. საკუთარი თავი ოდესღაც, ახალგაზრდობაში, ეგონა თმებით ამოქაჩა მამის ტკივილებით და დედასათან სევდიანი მარტოობით დაგუბებული წყლიდან, ეგონა ახალი ცხოვრებაც დაიწყო, ეგონა ახალი სიყვარულიც იპოვა, ჰაერი ჩაისუნთქა და მაინც დაიხრჩო!  ნიკოლა- ეს პიერის ბავშვობის შემზარავი ხმაა. დავიწყებულის არდავიწყება.

ყველასთვის რთულია ნამდვილი ცხოვრება!

დედისთვის (ნანუკა ისიანი), მუდმივად უბედურების მოლოდინში, ცოტა სუსტისთვის, ცოტა გაწვალებულისთვის, ცოტა ნაღალატებისთვის მახასიათებელი ქალობით, რომელიც  ოჯახიდან ქმრის წასვლის მერე, თითქოს საკუთარ იდენტობას კარგავენ, შვილებთან ლაპარაკს ვეღარ აგრძელებენ, გრძნობენ, ოღონდ ვერ აგებიებენ, განიცდიან, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ.

სოფიასთვის (ნინიკო აბესაძე), რომელმაც მეორე შვილი გაუჩინა პიერს, რომელმაც ვერ დაიცვა საკუთარი ახალი, რადგან ნიკოლა არასოდეს პატიობს მამას მის სიყვარულს, მის ბედნიერებას. სოფია, რომელიც თითქოს ყველაფერში მართალიცაა, თუნდაც ახალი ოჯახის გონიერი დიასახლისის რანგში, თუნდაც ნიკოლას მხარდაჭერის არცთუ ურიგო მცდელობაში, თუნდაც მისი პროტესტების სიმართლეშიც და მაინც არ(ვერ) გაყვარებს თავს, რადგან „ოჯახის დამანგრეველია“.

აქ, ყველა პერსონაჟი მართალია. და ტრაგედია მაინც დგება. სიყვარულის უკმარობით. დიალოგის უკმარობით. ნებისყოფის, სიხარულის უკმარობით.

პრემიერამდე სპექტაკლის ახალგაზრდებისთვის ზესტაფონის თეატრმა ღია რეპეტიცია მოაწყო. ზუსტად ეს და ასეთი ინტერაქციული გზებია საჭირო თაობებთან შეწყვეტილი დიალოგის განახლებისთვის. ეს არის თეატრის უკეთილშობილესი დანიშნულება – საზოგადო მუდარის ახსნის მცდელობა, რომ შვილებმა არ მოიკლან თავი, რადგან   ჩვენ ყველა, ერთნაირად მართლები და ერთნაირად დამნაშავეები ვართ!

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები