დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი, რეკორდული მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი უცხადებს ნდობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
“წლევანდელი არჩევნები ერთი რამით არის გამორჩეული. ქართველი ამომრჩეველი არასდროს ყოფილა ასეთი გათვითცნობიერებული იმ პოლიტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში და საქართველოს გარშემო ამ წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ასეთ პირობებში, დღეს ქართველი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია. ამ ყველაფრის შედეგიცაა, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი, რეკორდული მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი უცხადებს ნდობას.
ურთულესი გამოწვევებისა და უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, გასული 4 წლის მანძილზე, ჩვენ ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა, გავაორმაგეთ დოლარში ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ ყველაფრის შესაძლებლობა მოგვცა სწორედ ქართული საზოგადოების თანადგომამ, რომელმაც დეზინფორმაციისა და მანიპულაციის არაერთი ტალღის მიუხედავად, შეცდომა არ დაუშვა და საქართველო იმ ტრაგედიისგან დაიცვა, რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინაში დატრიალდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებს უშეცდომოდ ჩაატარებს და „ქართულ ოცნებას“ მორიგ ჯერზე მოაპოვებინებს გამარჯვებას.
“ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებსაც უშეცდომოდ ჩაატარებს და „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტში მორიგ ჯერზე მანდატების უმრავლესობას მიიღებს. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისათვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში; იმისათვის, რომ საქართველომ შეუქცევადად განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და მიაღწიოს ევროპული სტანდარტების კეთილდღეობას, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
კომენტარები