მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ერთი თაიგული მაინც გამოეგზავნათ მერიიდან და საკრებულოდან” – ქუთაისის ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა 150 წლის გახდა

“ერთი თაიგული მაინც გამოეგზავნათ მერიიდან და საკრებულოდან” – ქუთაისის ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკა 150 წლის გახდა

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა 150 წლის გახდა.

ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს ბიბლიოთეკის საიუბილეო თარიღი არ გახსენებიათ და   ბიბლიოთეკის ღვაწლმოსილი თანამშრომლებისთვის საჯაროდ არც მიულოციათ.

ბიბლიოთეკის 150-ე წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს ჟურნალისტი და ბიბლიოთეკარი ნანული ცხვედიანი.

“რამდენი ბიბლიოთეკაა საქართველოში 150 წლის? ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა კი, რომელსაც ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ანტონ ლორთქიფანიძის თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი 1873 წელს, დღეს 150 წლის გახდა! ნუთუ მოლოცვის ღირსნი არ იყვნენ მწირ ხელფასებზე უანგაროდ, ათეულწლობით მომუშავე ბიბლიოთეკარები, რომლებიც მარტო არჩევნების პერიოდში ახსენდებათ პარტიებსაც და ხელისუფალთაც?

ნუთუ, ძალიან ძნელი იყო, “თეთრი სახლიდან” ქალაქის მამებს ბულვარი გადმოეჭრათ, ამოსულიყვნენ საჯარო ბიბლიოთეკაში და საზეიმო განწყობა მაინც შემოეტანათ ამ ჩამყუდროებულ – ჩამკვდარ გარემოში? ნუთუ არ შეიძლებოდა, 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ჯილდოებზე წარედგინათ საჯაროსა და საბიბლიოთეკო ქსელის უხუცესი თანამშრომლები, ფარატინა ქაღალდებით “დაესიგელებინათ” სფეროს გამორჩეული მუშაკები?

და ბოლოს და ბოლოს, ერთი თაიგული მაინც გამოეგზავნათ, პრესცენტრების ხელით, მერიიდან და საკრებულოდან? არ ვიცი… არ ვიცი… ამ კითხვებზე მე არა მაქვს პასუხი, მაგრამ, ალბათ, აქტიურ ჟურნალისტიკაში რომ ვიყო, აუცილებლად შევეცდებოდი მოძებნას”, – წერს ნანული ცხვედიანი.

კომენტარები