მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბოლო სადღეგრძელო

ბოლო სადღეგრძელო

სიცოცხლის ალავერდია, აბა რაა, როცა ამდენი სისხლსავსე ლექსი ამოთქვა…

ვერ ავირიდე ეს ტკივილი იმ კვირა დილიდან დაწყებული, როცა ბატონმა გოჩა ბაკურაძემ დამირეკა და ტელეფონში მისი სულის ღრიალი ვიგრძენი. ტიროდნენ ბიჭები და მეგობრები.. მიწის, ფესვის, ქართულის, ქუთაისურის, მამობის, ქმრობის და კაცობის ფიცვერცხლანაჭამები. რაღაცნაირად რიტუალური ურთიერთობით, – ნიჭიერი თაობის სუფრასთან პოეტური დუელებით, საკუთარ ფეხებზე ყოჩად მდგარები, პროფესიებს იქით კიდევ ბევრ ფასეულობაზე (ნამდვილზეც და გამოგონილზეც) ბოჰემურად და რომანტიკულად  გადაფოფინებულები..

ლეჩხუმში დაიბადა და ამ ულამაზესი მხარის სიყვარული რძესავით გადმოდიოდა ლექსებში. ნოყიერი სიტყვა და რითმა ჰქონდა. გემრიელი, ძალდაუტანებელი. აი, დეკორატორების დაუხმარებლად, თავისთავად რომ ფეთქდება და ერთიანად ყვავილობს ხე – ისე შლიდა მისი პოეზია ფერებს და სურნელს, უსასუქო მიწის და სუფთა ჰაერის მსუყე ერთიანობით.. პატარა ბიჭივით უნათებდა თვალები. კი არ უნათებდა, უციმციმებდა ლექსის წაკითხვის დროს. გეგონებოდა, –  ზუსტად ესაა, რაც აკვნიდან დაჰყვა.. შემოქმედის ფაქიზი და მგრძნობიარე სული სუნთქავდა მის პოეზიაში – როგორც კარგი არტისტი იღვრება როლში, ისე იღვრებოდა ლექსის ამომღერების დროს. გამორჩეული ნიჭია ეს. და გამორჩეულად უყვარდა ქუთაისს.

არიან ადამიანები – უცებ გამქრალი ამ ქალაქიდან, უცებ გაფრენილი, ძვირფასი სამკაულებივით რომ დატოვეს სახელები სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა ტკივილით, ქუთაისურად, ეგზოტიკურად.. ქუჩებსაც რომ სცივა მათი ნაბიჯების გარეშე, უბნებიც რომ ობლდებიან.. ასე წავიდა ენდი.

თეთრ ხიდზე გადმოვედი იმ დღეს, ხუთშაბათს. ისე ცარიელი იყო ქუთაისის მეფეთუბანი… გორაზე აეტანა ადამიანების ხმაური, ჩურჩული, გაკვირვება, მთელი სევდა და ცრემლი ჩემს ქალაქს .. ენდისთან.

“ფურცლებად  მოვწყდი  გამხმარ ყლორტიდან,

იასამნისფერ ატმის  ყვავილებს“ –

თეთრი ხიდიდან გავაყოლე გორისკენ ნიავს მისი ეს სიტყვები..

17 მარტიდან დაწყებული, ისტერულად ვკითხულობ მის ლექსებს და ვკითხულობ. იმდენი ფერი აქვს, იმდენი მუსიკა, იმდენი ძარღვი.. დედის დატირების მოუნელებელმა სტრიქონებმა იმდენჯერ მიმაბრუნა უკან. ვფიქრობ ამ “მითებში ჩარჩენილ“ ბიჭზე, მარტის თვე რომ საკუთარი დაბადების სიხარულზე მეტად დედის სიკვდილის შიშს ახსენებდა და სისხლი მეყინება – ამხელა ვაჟკაცები, ასეთი ჯიშიანები და თვალტანადები, როგორ დნებიან ობლობაზე,  რა ასაკშიც არ უნდა იყვნენ..

“გარდაიცვალა, მაგრამ მაინც ვერ დავემალე –

დედას, რომელიც ამ კერიის მოვლას მავალებს“

“სიბერის მეშინიაო“ და არ მოუწია სიბერემ. მისტიკაა. როგორც ხშირად ხდება ასეთ მგრძნობიარე სულებში.

ქუთაისი იყო მისი ნიჭის ხელგაშლილი მასპინძელი. მიიღო და ბოლომდე იშვილა. ამ ქალაქს უყვარს პოეტები. და ეს ქალაქიც ისე უყვარდა, როგორც შეეძლო. და შეეძლო ბევრი! ჩვეულებრივის იქით იყო, ლექსებად ცხოვრობდა, ლექსებად იღვიძებდა, სხვა ნოტები ტოკავდა მის ბგერებში. ახალგაზრდობის მუდმივი სუნთქვა და ტემპი. რა არის ახალგაზრდობა ამ ტემპის და სურვილების სიჭარბის გარდა.. ბოლო დროს ბულვარის ქუთაისელს ჰგავდა, წინა საკუნეების ბაღისკიდელს. ყველა თაობას რომ “გაეჩხირებოდა“ თვალში..

“აგვირილება მხოლოდ მან იცის, ის ისე სწვდება სულის კენწეროს,

რომ კალენდარში,  ნაცვლად მაისის, თვით ქუთაისი უნდა ეწეროს!“

ყველამ გაატანა ცრემლი მისი ქალაქიდან.. მისმა ქალაქმა იტირა ენდი.

ნამდვილი იყო! უხდებოდა და უხდება  ქუთაისს და ქუთაისელობას. გალაკტიონზე შეყვარებული, მასწავლებლობაზე მეოცნებე ბავშვობიდან.

კიდევ ერთი რომანტიკული სული ააცილა მზის სხივებით ჩვენმა პატარა ქალაქმა.. კიდევ ერთი შეყვარებული სულით დაობლდა ჩვენი პატარა  ქალაქი.

დრო იცვლებაო, განიცდიდა. ურთიერთობებიცო. მაგრამ მასთან გამომშვიდობება მაინც ძველი და ტრადიციული დროით და ძველი და ტრადიციული გრძნობებით მოასწრეს – ერთ ხმაში, საერთო მწუხარებით, სხვადასხვა თაობით, სხვადასხვა პროფესიით..

ყველამ იტკინა ბოლომდე და დაუნანებლად. მისი პოეზია ეფინა ტაძრის საკურთხეველშიც.. ქართულ ჩოხებთან და სახეალეწილ ჭირისუფალთან ერთად. ყველა კაციც, ვაჟკაცს ჰგავდა მის გლოვაში. ენდის ნიჭმა და ლექსმა ქნა ალბათ, ეს მირაჟიც…

“ბოლოსდაბოლოს, სიმწრით გავცემ სიცოცხლეს პასუხს,

მაგრამ კარზე რომ მომადგება – სიკვდილს, რა ვუთხრა?“

და უთხრა ბოლო სადღეგრძელოდ:

– “სიცოცხლის ალავერდი!“

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები