ბორითი – სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ამაშუკეთი, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, მაქათუბანი, საქასრია, უბისი).
მდებარეობს მდინარე ძირულის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 480 მეტრი, ხარაგაულიდან 28 კილომეტრი. სოფელში არის სამკურნალო გოგირდოვანი წყალი.
სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს თქმულება: იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სოფელია, ხშირ ფოთლოვანი ტყე ყოფილა. ტყეში მრავლად ბუდობდა არწივის მსგავსი დიდი ფრინველი — ბორა. დროთა განმავლობაში ტყე გაჩეხილა და ფრინველის რაოდენობაც შემცირებულა. სწორედ ამ ფრინველის სახელიდან წარმოშობილა სოფლის სახელწოდება “ბორ-ით-ი“. სახელწოდებას სოფლის მდებარეობაც ამართლებს. იგი გაშლილია ულამაზეს გორაზე და ფრთაგაშლილ ფრინველს მოგვაგონებს.
სოფელ ბორითში, მდინარის მარცხენა ნაპირზე, სოფლის სასაფლაოზე დგას ბორითის სავანის წმინდა გიორგის ეკლესია (IX-X სს). იგი მოხატული ყოფილა ფრესკებით. ეკლესიის ზარი 40 კგ-ს იწონიდა, მისი ხმა უბისის მონასტრამდე აღწევდა. XX საუკუნის 40-იან წლებში ზარი მოუპარავთ. საბჭოთა წყობილების დროს ეკლესია მიწასთან გაუსწორებიათ, ეკლესიის ქვით ჯერ აბანო, შემდეგ კი სოფლის საავადმყოფო აუგიათ, მოგვიანებით ქვა დააბრუნეს ტაძარში და გამოიყენეს მისი აღდგენისათვის.
ბორითში არის ავტოავარიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას მემორიალი.
კომენტარები