ქუთაისში ყველა ბაგა-ბაღის ხელმძღვანელს დეკემბრამდე საატესტაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევს. გამოცდები ბოლოს 7 წლის წინ ჩატარდა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ “ოცნებამ” იმ ხელმძღვანელების დასჯა გადაწყვიტა, რომლებიც არჩევნებზე მმართველ გუნდს გვერდით არ დაუდგა.
მათივე თქმით, მერია ცდილობს ძველი ხელმძღვანელები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებით შეცვალოს.
“რეორგანიზაცია ქალაქის მერმა გამოაცხადა ყველა ბაღზე. ამ თემას საფუძვლად უდევს 2021 წლის არჩევნები, როცა ბაღის თანამშრომლების უმრავლესობა ხახალეიშვილს დასაქმებული ჰყავდა საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამის მიუხედავად, მან უარყოფითი შედეგი მიიღო. ახლა ის ცდილობს, დასაჯოს ის ადამიანები, რომლებმაც მას ხმა არ მისცეს შესაბამისად, შეეცდება ამ ადამიანების ჩანაცვლებას საკუთარი პარტიული კადრებით”, – აცხადებს ენმ-ის ქუთაისის საკრებულოს წევრი გიორგი კილაძე.
ოპოზიციის ბრალდებებს ბაგა-ბაღების გაერთიანებაში უარყოფენ. ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, გამოცდები ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც 7 წელიწადში ერთხელ ტარდება.
“ჩვეულებრივი მომენტია, რომ ადამიანებს ატესტაცია და მათი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ჰქონდეს”, – აღნიშნა ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.
თავად ბაღის ხელმძღვანელები საჯარო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ ისინი გათავისუფლების მოლოდინში არიან.
კომენტარები