გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე მოძრაობა “ხმის” წევრი გიორგი ხასაია სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მას ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.
გიორგი ხასაიასთან ერთად ასევე დაკავებულია კაკო ჩიქობავა.
“გიორგი და კაკო ჩვენი მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან. კაკო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის. გიორგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.
ჩვენ, მოძრაობა “ხმა”, განცხადებების გავრცელებით არ შემოვიფარგლებით, თუ ჩვენი ორივე წევრი არ გათავისუფლდება და მათ მიმართ დევნა არ შეწყდება, ისეთ ადგილებში დაგარტყამთ, სადაც ჯერ არ მოგხვედრიათ“, – წერია „ხმის“ განცხადებაში.
შსს-მ ჯამში 20 ადამიანი დააკავა, 18 პირი ადმინისტრაციული წესით. ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაათავისუფლეს.
თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ გუშინ ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენა.
კომენტარები