მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება – კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე.
“კორუფციაში, როგორც მოგეხსენებათ, მარტო ფული არ იგულისხმება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, ვისაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიფო მდივნამდე.
ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. მე მინდა რამდენიმე ფაქტი გაგახსენოთ, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კორუფციულ ინტერესებზე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. მაგალითად ეს არის „რუსთავი 2“-ის საქმე. ეს საქმე წარმოებდა 2015-16 წლებში. მაშინ იყო შტურმი სასამართლო სისტემაზე. უტევდნენ სასამართლოს, ამბობდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება და ამ შტურმში ჩართული იყო ყველა უცხოელი აგენტი, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი, მათ შორის უჩა ნანუაშვილი, ყველა მდიდარი „ენჯეოს“ ლიდერი, ნაცმოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების ლიდერები. პირდაპირ ამტკიცებდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. მათ გააგზავნეს წერილი სტრასბურგის სასამართლოში და სწორედ ეს წერილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ზომის გამოყენების საფუძველი, რამაც ნიკა გვარამიას მისცა 7 მილიონით „რუსთავი 2“-ის გაძარცვის საშუალება. ამ კამპანიაში სამწუხაროდ, პირდაპირ იყო ჩართული ყოფილი ელჩი, იან კელი. მიზეზი იყო პოლიტიკური ინტერესი, რომ „რუსთავი 2“ არ დაბრუნდებოდა კანონიერ მფლობელს და მიმტაცებლების ხელში, „ნაცმოძრაობის“ ხელში დარჩენილიყო. საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლემ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. მათ შორის იყვნენ მოსამართლეები, რომლებთან დაკავშირებითაც მათვე გასცეს რეკომენდაცია, მათ შორის ვენეციის კომისიამ, რომ მათთვის უვადოდ გახანგრძლივებულიყო უფლებამოსილების ვადა. თუ კორუმპირებულები იყვნენ, მერე როგორ მიწევ რეკომენდაციას, რომ უვადოდ გადაინიშნონ ისინი უზენაეს სასამართლოში?! ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არის მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის არაერთი მცდელობა“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები