საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს იუნესკოს მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი სტივენ ჯეი კელი ეწვია. სპეციალისტი ადგილზე არსებულ ვითარებას სწავლობს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, არქიტექტორ და ინჟინერ სტივენ ჯეი კელის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის საკითხებზე მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. ექსპერტმა საერთაშორისო მემკვიდრეობის კონსერვაციაზე მუშაობა 1991 წლიდან დაიწყო და ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ძეგლებზე მუშაობის უნიკალური გამოცდილება დააგროვა.
სტივენ ჯეი კელი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე რუმინეთში, რუსეთსა და უკრაინაში მუშაობდა. ასევე იგი ჩართული იყო თურქეთში, ქალაქ ანისში, სომხური არქიტექტურის ძეგლების კონსერვაციის პროცესში.
ექსპერტის თქმით, შეიქმნება ერთგვარი მრჩეველთა საბჭო, რომელიც შემდგარი იქნება სხვადასხვა მაღალი საერთაშორისო დონის ექსპერტისგან, რომლებიც რჩევებს გასცემენ გელათის გადახურვისა და კონსერვაციის პროცესში.
სტივენ ჯეი კელის განცხადებით, პრობლემის არსის კარგად გააზრებისთვის აუცილებელია, მეტი დრო დაიხარჯოს კვლევით ნაწილზე. ამასთან, უშუალოდ ფრესკებზე მუშაობის დაწყებამდე უპირველესი ამოცანაა, გადაიხუროს მონასტრის კათედრალი.
“უზომოდ მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ და თუნდაც მცირედი წვლილი შემაქვს. ჩემთვის ნათელია, რომ ჩვენ უნდა დავხარჯოთ მეტი დრო კვლევით ნაწილში იმისთვის, რათა კარგად გავიაზროთ პრობლემის არსი. ჩემი ამ პროექტში ჩართვა მოხდა არქიმანდრიტ კირიონის მიერ და ჩემს სამეცნიერო მოქმედებებს სამომავლოდ განაპირობებს ის, თუ რა დავალებებს მომცემენ საქართველოს საპატრიარქო და მასთან არსებული გელათის დროებითი მართვის კომიტეტი.
ჩემი აზრით, შესაძლებელია ვიმუშაო სამეცნიერო კომიტეტში და მართებული რჩევები გავცე შემდგომი ნაბიჯების და სამუშაოების განსახორციელებლად. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სამუშაოები უნდა შეასრულონ ადგილობრივმა სპეციალისტებმა საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით. ჩვენ ვიქნებით ერთგვარი მრჩეველთა საბჭო, რომელიც შემდგარი იქნება სხვადასხვა მაღალი საერთაშორისო დონის ექსპერტისგან, რომელთაგანაც რამდენიმეს ვიცნობ კიდეც. მოუთმენლად ველი ამ მიმართულებით ჩემი მოვალეობების შესრულებას.
თვალსაჩინოა და სამართლიანად თუ შევაფასებთ, აუცილებლად უნდა გადაიხუროს მონასტრის კათედრალი, სანამ უშუალოდ ფრესკებზე დაიწყება მუშაობა. ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ პროცესებს. ჯერ დროებით გადახურვას უნდა მიეხედოს, შემდეგ – დანარჩენ სხვას”, – განაცხადა სტივენ ჯეი კელიმ.
ინფორმაციისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსში კედლის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნის სამუშაოების საველე ეტაპი ცოტა ხნის წინ დასრულდა და ამ დროისთვის მიღებული მონაცემების დოკუმენტურად დამუშავება მიმდინარეობს. გელათის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნაზე საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით მხატვრობის კონსერვაციის სპეციალური ჯგუფი მუშაობდა.
კომენტარები