მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გეოლოგების 2 ჯგუფი ბაღდათში, სტიქიის ზონაში მოვლენების შესწავლას აგრძელებს

გეოლოგების 2 ჯგუფი ბაღდათში, სტიქიის ზონაში მოვლენების შესწავლას აგრძელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 3 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორის 2 ჯგუფი იმერეთში და 1 ჯგუფი რაჭის ტერიტორიაზე იმყოფება. იმერეთში დაფიქსირებულია მეწყრები, ხოლო რაჭაში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

“6-დან 12 თებერვლამდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 541 ოჯახი (მათ შორის აჭარის რეგიონში), გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 300-მდე ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოწვა.

მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სტიქიამ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები