რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით აღდგა.
აღდგომის დღესასწულთან დაკავშირებით აღმოსავლეთიდან ადამიანები დასავლეთ საქართველოში ბრუნდებიან, რის გამოც ადგილებზე პერიოდულად საცობებია.
მძღოლების თქმით, კიდევ უფრო მძიმე ვითარება ზესტაფონშია, სადაც გარკვეულ მონაკვეთებზე ასფალტის საფარი დაზიანებულია, რის გამოც საცობებია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, “რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 7 საათიდან დაიწყო. ამჟამად მოძრაობა თავისუფალია და ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან”.
“რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24-საათიან მკაცრ მონიტორინგს. ასევე, მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 (ახალსოფლის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი სპეციალური რეჟიმებით:
• მსუბუქი ავტოტრანსპორტის და ავტობუსების (მათ შორის 30 ადგილზე მეტი ტევადობის) მოძრაობა დასაშვებია 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
• მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო ავტომობილების (3500კგ>) მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
• საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
• შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
კომენტარები