მიზანი გაგვაჩნია – ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ, მომავლის ქარტია – “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, მზადაა, ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
“გაფრთხილებთ ყველას, დაინახეთ და შეიგრძენით, რომ ქვეყანა და ჩვენი უაღრესად დაღლილი და ყველას მიმართ იმედგაცრუებული საზოგადოება ვეღარ იტანს გაუთავებელ სიძულვილს, ერთი მეორის გამომრიცხავ და გამანადგურებელ არჩევნებს, რევანშის ქადაგებას და განტევების ვაცის გაუთავებელ ძიებას. ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და დაცულობა, რაც მთავარია, ქვეყნის მომავლის დანახვა და ამ ქვეყანაში საკუთარი პერსპექტივის აღმოჩენა და დაჯერება. ამიტომ, დღეს, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი.
ქვეყანას სჭირდება ერთობა. საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები. ასევე, არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიების. სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება.
მიზანი გაგვაჩნია – ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ, მომავლის ქარტია – “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”.
მე მზად ვარ ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.
ამ მიზნით მომავალ დღეებში ვაპირებ მოვიწვიო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები. ეს მიდგომა ინკლუზიური უნდა იყოს და მზად ვარ შევხვდე და მოვუსმინო ყველას.
სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს, რამეთუ წარსულიდან წამოსული დაქსაქსულობა და დაპირისპირება, მხოლოდ სკეპტიციზმს და უიმედობას გააღვივებს, რაც პირველ რიგში, ქვეყანას ასუსტებს.
გამარჯვების ფორმულაში არ იგულისხმება რომელიმე მხარის, თუ პარტიის გამარჯვება, არამედ ერთობის, ევროპულობის და ქვეყნის გამარჯვება. ისე, როგორც 15 დეკემბერს გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ, ასევე ახლაც საქართველო უნდა გამოვიდეს გამარჯვებული: რეფორმების გატარებით და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ეს სტაბილურობის, მშვიდობისა და წინსვლის ერთადერთი გარანტიაა.
როგორც იყო აქამდე, ჩემი პოლიტიკური გზის ყველა ეტაპზე, ჩემი როლი უცვლელი იქნება: ვიდგები დამოუკიდებლობის, ეროვნულობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის სადარაჯოზე. როგორც დღემდე, ისე ხვალაც ბოლომდე კატეგორიულად შევეწინააღმდეგები საბჭოთა, რუსულ წარსულში მიბრუნებისას ყველა მცდელობასა და ევროპული შესაძლებლობების საბოტაჟს. დაბოლოს, მინდა ყველასთვის ნათელი იყოს, რომ ეს მშვიდობიანი, სამართლიანი და თანასწორი მომავალი მხოლოდ ჩვენ კი არ გვეკუთვნის, არამედ ეკუთვნის მათ, ვინც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ვეღარ იცავს ვერც ელემენტარულ ადამიანის უფლებებს, ვერც საკუთარ კულტურულ იდენტობას, ვერც ენას, და ვეღარც მიწებს ძალადობრივ გასხვისებისგან. ამის სანაცვლოდ, წინ გვესახება ევროპაში ერთად შესვლის საიმედო და სანდო გზა. ეს არის ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო მომავალი, ეს არის ჩვენი ხალხის ნება და ჩვენი ვალია ეს ნება აღვასრულოთ!” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები