მთავარიახალი ამბებისლაიდი

გიორგი გოგუაძე – ვიბრძვი იმისთვის, რომ ქუთაისი იყოს დიდი შესაძლებლობების და ამბიციის მქონე ქალაქი

გიორგი გოგუაძე – ვიბრძვი იმისთვის, რომ ქუთაისი იყოს დიდი შესაძლებლობების და ამბიციის მქონე ქალაქი

პარტია “საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი გოგუაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და ქუთაისელებს მიმართა.

გოგუაძის თქმით, 2 ოქტომბერი იქნება დასაწყისი დიდი გამარჯვებისა და ცვლილებების, რომელიც ქუთაისს და საქართველოს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.

“ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე დგომა. განსაკუთრებით დიდია ის პასუხისმგებლობა, რომლითაც მე და ჩვენმა გუნდმა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ შრომა და მუშაობა ქუთაისისთვის.

ჩვენ აქ ვდგავართ, რადგან გვჯერა უკეთესი ქუთაისის. გვჯერა, რომ ღირსებით, სამართლიანობით და შრომით შეგვიძლია ჩვენი გარემო უკეთესობისკენ შევცვალოთ. ყველა ჩვენი შეხვედრა მოსახლეობასთან იწყებოდა და მთავრდებოდა ეკონომიკურ პრობლემებზე და სიდუხჭირეზე, სიღარიბეზე, ემიგრაციაზე, დემოგრაფიულ კატასტროფასა და ჩვენი ქალაქის ხალხისგან დაცლაზე საუბრით.

თავიდანვე მინდა, მივმართო იმ ქუთაისელებს, რომელთაც საკუთარი სახლის და ოჯახის დატოვება მოუხდათ იმის გამო, რომ ქალაქმა მათზე ვერ იზრუნა. მე როგორც ერთი ქუთაისელი ემიგრანტების ოჯახიდან, ვდგავარ აქ და გპირდებით, რომ ვიბრძვი იმისთვის, რომ ქუთაისი იყოს არა უიმედობის სივრცე, არამედ დიდი შესაძლებლობების და ამბიციის მქონე ქალაქი.

მე მინდა მივმართო ახალგაზრდებს, ჩვენ მშობლებს, მოხუცებს – დღეს ჩვენ შეგვიძლია ძალა მოვიკრიბოთ, ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ, ერთმანეთი გავაძლიეროთ და ქუთაისი გავხადოთ სამაგალითო ქალაქი მთელი საქართველოსთვის.

არ შევუშინდეთ იმ ხალხს, რომელიც მხოლოდ ცდილობს ერთმანეთისგან დაგვაშოროს, შუღლი დანერგოს, ტალახი ისროლოს და ქალაქზე არ იფიქროს. გახსოვდეთ, რომ ქუთაისი უფრო მეტია ვიდრე შენობა-ნაგებობების ადგილი. ის დიდი ისტორიის, კულტურის, ტრადიციის, ღირსების და ზრუნვის სივრცეა, რომელსაც არაერთხელ უხსნია საქართველო.

მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ ეს დღე იქნება დასაწყისი დიდი გამარჯვებისა და ცვლილებების, რომელიც ქუთაისს და საქართველოს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. მიხარია და თქვენთან ერთად ვგრძნობ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომლითაც ისტორიას ვწერთ. ერთად დავუბრუნოთ ამ დიდებულ ქალაქს პოლიტიკური ფუნქცია.

ღმერთმა დალოცოს ქუთაისი და საქართველო!”, – განაცხადა გიორგი გოგუაძემ.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია “საქართველოსთვის” საარჩევნო ნომერია 25.

კომენტარები