მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – მივმართავ ღარიბაშვილს, ინამუსე და წადი, შეეშვი ამ ქვეყანას

გიორგი ვაშაძე – მივმართავ ღარიბაშვილს, ინამუსე და წადი, შეეშვი ამ ქვეყანას

მივმართავ ღარიბაშვილს, ინამუსე და წადი, გეყო რაც ძარცვე ეს ქვეყანა, წადი და შეეშვი ამ ქვეყანას, შეეშვი საქართველოს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“გუშინ, ნოდარ მელაძის გადაცემაში ჩვენ ვნახეთ, რა დონეზე გახრწნილია სისტემა, გახრწნილობის პიკი – ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ ჩარტერების სკანდალს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ სცალია შოვისთვის, გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის, პირდაპირ საბოტაჟშია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ხარჯებს და იმ ხალხის გადასახადებს, რომლისთვისაც უნდა ეშველათ, როდესაც შოვის ტრაგედიაში მძიმე ვითარებაში იყვნენ, გახრწნილობის პიკი.

ეს არ არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ ავაშენოთ. ღარიბაშვილი არის სახე იმ სისტემის, რომელიც ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა “ჭამეთ, ძარცვეთ ქვეყანა, ხალხი, მთავარია, იყავით ჩემი ერთგულები, მთავარია რუსული დავალებები შეასრულოთ” – ეს არის შინაარსი იმის, რაც ჩვენ ვნახეთ.

15 სექტემბერი მოდის, სკოლაში რამდენი ბავშვი მივა დახეული ფეხსაცმლით, რამდენ ბავშვს არ ექნება ტანსაცმელი, ან წიგნები სკოლისთვის, პრემიერ-მინისტრის შვილისთვის თურმე ჩარტერული რეისებია ხელმისაწვდომი, რომ გაფრინდეს ამერიკაში სასწავლებლად. ეს არის ის უსამართლობა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. მათთვის ეკონომიკა ორნიშნადაც იზრდება და სამნიშნადაც. იმ დონეზე არიან უკვე, რომ უზარმაზარ წვეულებებს აწყობენ, აბა, პატარა დაბადების დღეს ხომ არ გადაიხდის პრემიერ-მინისტრის მეუღლე?! შვილი სპეცრეისით უნდა წაიყვანო, აბა ჩვეულებრივ თვითმფრინავში ხომ არ ჩაჯდება პრემიერ-მინისტრის შვილი, ხომ არ ეკადრება მას ეს ყველაფერი?! ეს არის სწორედ რუსული სტანდარტით ქვეყნის მართვა, როცა ხალხი არის უბედურებაში, ხოლო ელიტა არის ზემდიდარი. ცალ-ცალი კალოშით მოსული ადამიანები დაეპატრონნენ დიდძალ ქონებას ხალხის ხარჯზე.

ამიტომ რა არის ევროკავშირი, ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ევროკავშირი მათ შორის, ნიშნავს პასუხი ვაგებინოთ ასეთ ადამიანებს. ასეთი პრემიერ-მინისტრით და ასეთი “ქართული ოცნებით” ჩვენ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით. ევროკავშირი ნიშნავს, რომ მსგავს რამეს არ უნდა შევეგუოთ.

მივმართავ ღარიბაშვილს, ინამუსე და წადი, გეყო რაც ძარცვე ეს ქვეყანა, წადი და შეეშვი ამ ქვეყანას, შეეშვი საქართველოს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.

როგორც გაიაშვილმა “ტვ პირველთან” განაცხადა, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა.

“არ ვიცი პირადი საქმე იყო თუ სამსახურებრივზე, მე არ მაბარებენ, თუ რას აკეთებს მთავრობა… რაში მჭირდება ამდენი ლაპარაკი? – წავიყვანე გითხარი, დამთავრდა. პრემიერ-მინისტრია, თქვენ რომელიღაც ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?.. ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება მხოლოდ თვითმფრინავი, გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა”, – განაცხადა გაიაშვილმა.

კომენტარები