ქუთაისი გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქია, სადაც გვირგვინი დაიდგა გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ მესამემ. ქუთაისშივე დაიბადა, აღიზარდა და სამეფო გვირგვინი დაიდგა საქართველოს მეფემ დავით მეოთხე აღმაშენებელმა, რომელმაც განასრულა და განამტკიცა საქართველოს ისტორიული გაერთიანების პროცესი. შეიძლება ითქვას, რომ დავით აღმაშენებელი დაბადებითა და აღზრდით ქუთაისელი იყო და ამ დრომდე ყველაზე დიდი ქუთაისელია.
1988 წელს აქტიურად დაიძრა პროცესი ქუთაისის ცენტრში დავით აღმაშენებლის ძეგლის აღმართვის შესახებ. იმავე წელს ქალაქის ცენტრალურ მოედანს მიენიჭა დავით აღმაშენებლის სახელი. გადაწყდა, რომ ქუთაისში დასადგმელად დავით აღმაშენებლის ძეგლი ცნობილ და აღიარებულ ქართველ მოქანდაკეს ელგუჯა ამაშუკელს შეექმნა.
საინტერესოა, როგორ აფასებდა თავად ავტორი თავისი ნახელავი ქანდაკების აღმართვას ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.
ელგუჯა ამაშუკელმა აღნიშნულის შესახებ განაცხადა: “ბოლოს და ბოლოს გადაწყდა, რომ ქუთაისში, იქ, სადაც მეფედ აკურთხეს დავით აღმაშენებელი, დაიდგას მისი ძეგლი და ეს ყველაზე მთავარია.
ჩემთვის, როგორც მოქანდაკისათვის, სასიხარულოა ის დიდი პატივი, რომელიც ქუთაისის საზოგადოებამ, მისმა ლიდერებმა გამომიცხადეს…
მთელი ცხოვრების მანძილზე, ისევე, როგორც ყველა ქართველი ხელოვანი, მე ვფიქრობდი დავითის სახის შექმნაზე და ყოველთვის მქონდა მასზე ჩემეული წარმოდგენა. მის იერსახეს მე ვხედავდი, როგორც ერის სულიერი ძლიერების ზოგად სიმბოლოს და დიდხანს ვეძებდი მისი ხორცშესხმისათვის მხატვრულ ეპიკურ ფორმას…
მე დიდი ხანია, ქუთაისისათვის ვმუშაობ დავითის ძეგლის შექმნაზე. ერთ-ერთი ვარიანტი ამ ქანდაკებისა ამჟამად მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეის მუდმივ ექსპოზიციაშია.
დღეს, როცა რეალურად გადაწყდა ქუთაისში ძეგლის დადგმა, მე შევქმენი ახალი მოდელი და მის დასადგმელად შეირჩა ქალაქის გულის-გული – მისი ცენტრალური მოედანი, რომელიც უკვე დავით აღმაშენებლის სახელს ატარებს…
მე ამ ქანდაკებაზე, მის მოდელზე, ვმუშაობ უკვე ცხრა წელიწადია და იგი გადაწყვეტილი მაქვს სივრცობრივად მრგვალი მოედნისათვის, სადაც კომპოზიციის ყველა წერტილი, ყველა რაკურსი თანაბარი ძალით აღიქმება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქუთაისის სინამდვილეში აღმაშენებლის მოედანი იდეალური ადგილია…
უპირველესი ამოცანაა, ძეგლი არ იმეორებდეს დღემდე შექმნილ ცხენოსან კომპოზიციებს, იყოს ორიგინალური, მხოლოდ და მხოლოდ ქუთაისში დადგმული და იქ არსებული…
მე დიდი ხანია, მხოლოდ ქუთაისისათვის ვაკეთებდი ამ ძეგლს… ისევ ვიმეორებ, უკვე ცხრა წელიწადია, ველოდებოდი იმ დღეს, როცა შესაძლებელი გახდებოდა მისი განხორციელება და დამიდგა, დაგვიდგა ეს ნანატრი დღეც. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს დიდი ეროვნული საქმე, რათა ახდეს ქართველი ხალხის ოცნება: პიროვნებას, რომელმაც გააერთიანა საქართველო, რომელმაც თავისი მხრებით დღევანდლამდე მოიტანა საქართველო, მის სამშობლოში, იმ ქალაქში, სადაც მეფედ აკურთხეს და საიდანაც ქვეყნის შენება დაიწყო, ღირსეული ძეგლი დაედგას“, – აღნიშნა გამოჩენილმა ქართველმა მოქანდაკემ ელგუჯა ამაშუკელმა.
გადაწყდა, რომ დავით აღმაშენებლის ქუთაისური ქანდაკება შექმნილიყო ცხენზე ამხედრებული მეფის სახით. მოქანდაკე ავტორის შეფასებით, ცხენოსანი კომპოზიცია ამგვარ შემთხვევაში მხატვრული, სანახაობრივი თვალსაზრისით ყოველთვის საინტერესოა და ზუსტად გამოხატავს სახის ეპიურ სიდიადეს. მსოფლიოში არაერთ ისტორიულ ქალაქს ამშვენებს სახელოვან პირთა ცხენოსანი ქანდაკებები.
ამონარიდი გაზ. ქუთაისის 1988 წლის # 209, გვ. 1
დავით აღმაშენებლის ქუთაისში დასადგმელ ძეგლში თავად მოქანდაკე ავტორის მიერ ჩაიდო იდეურ-აზრობრივი დატვირთვა და ფაბულა: დავითი – დიდი სახელმწიფო მოღვაწე, დავითი – აღმაშენებელი, დავითი – მებრძოლი, დავითი – პოეტი, დავითი – საქართველოს ფიზიკური და სულიერი ძლიერების სიმბოლო.
“ყველაფერი, რაც მოგახსენეთ, არის სიტყვები, მაგრამ მთავარი და ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ქანდაკება, ნახელავი შეესაბამებოდეს ამ სიტყვებს. შევეცდები, რომ ჩემს მიერ შექმნილი ქანდაკება ამართლებდეს იმ ჩანაფიქრს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ“, – დასძინა ცნობილმა მოქანდაკემ ელგუჯა ამაშუკელმა.
მართლაც, ქუთაისისთვის შეიქმნა დავით აღმაშენებლის ძეგლი, სადაც ცხენზე ამხედრებულ მეფეს მარჯვენა ხელში უჭირავს თავის მიერ აგებული გელათის მონასტერი, ხოლო მარცხენა ხელში – ხმალი.
1996 წელს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აღიმართა, გაიხსნა და იკურთხა დიდი დავით აღმაშენებლის ძეგლი.
დავითის ხსენებული ძეგლი დღესაც ამშვენებს ქუთაისს, ამჯერად შეცვლილი ადგილიდან, სადაც მისი სახელობის გამზირი იწყება.
ელგუჯა ამაშუკელი თავის სახელოსნოში დავით აღმაშენებლის ქუთაისური ძეგლის შექმნისას (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
კომენტარები