აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის დავით მაღრაძის თანამდებობრივ დაქვეითებას და იმერეთში იმერეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადაყვანას ოპოზიცია და მესამე სექტორი აფასებს.
სამოქალაქო აქტივისტები დავით მაღრაძეს ურჩევენ, რომ აჭარაში მის მიერ განხორციელებული ქმედებების პრაქტიკა იმერეთში არ გამოიყენოს.
“ბატონმა დავითმა თუ იცის, რომ ქუთაისი ერთ-ერთი არაძალადობრივი ქალაქია. მას მოვუწოდებ, არ გასცდეს მის უფლებამოსილებას. მის შესახებ სამწუხაროდ, მედიაში მხოლოდ ცუდი ინფორმაციაა გავრცელებული და იმედია იმერეთში მსგავსი რამ არ იქნება”, – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე.
დავით მაღრაძე აჭარის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე 2021 წლიდან მუშაობდა და მისი სახელი ხმაურიან საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
სწორედ მაღრაძის უშუალო ჩართულობით დააკავეს აქციის მონაწილეები ბათუმში, რომლებიც პორტში რუსული გემის შემოსვლას აპროტესტებდნენ. ასევე დავით მაღრაძე იყო მთავარი მოწმე 24 ოპოზიციონერის დაკავების საქმეზეც – გასული წლის მაისში მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დააკავეს, მათ კარვები ჩამოართვეს და დაუშალეს. მაშინ დავით მაღრაძემ ბათუმის საკრებულოს წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც დააკავა. სასამართლო სხდომაზე კი მოსამართლემ პოლიციის უფროსი დარბაზიდან გააპარა. ბოლოს კი ჭორვილაში საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლაში იყო მხილებული, რის გამოც ის Mona.ge-ს მიერ რამდენიმე დღის წინ წარდგენილ სიაში შეიყვანეს.
კომენტარები