მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – აკაკი ბელიაშვილი

“დაიბადა იმერეთში” – აკაკი ბელიაშვილი

აკაკი ბელიაშვილი – ქართველი მწერალი, კინო სცენარისტი.

დაიბადა 1903 წლის 24 აპრილს სოფელ ქორეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში.

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1921 წლიდან სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

გიმნაზიაში სწავლის დროს ბელიაშვილი ხელნაწერ ჟურნალებში აქვეყნებდა პატარა მოთხრობებს, მინიატურებს და პიესებს. 20-იან წლებში “ფუტურისტ-ლეფელების“ ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. 30-იანი წლებიდან ხელი აიღო ფორმალისტურ ძიებებზე. თავის ნაწარმოებებში (მოთხრობათა კრებულები: 1933, 1935, 1937) ბელიაშვილი ქართველი ხალხის ყოფასა და შრომას წარმოსახავს; სატირულ-იუმორისტულ მოთხრობებში „მეზობლები“ (1935), „უცნობი“ (1936), “ქსენოფონტეს გასაჭირი“ (1936), „იუსტინეს ხაფანგი“ (1938), „მამონას ცდუნება“ (1940) და სხვა, მწერალი ამხელს წარსულის გადმონაშთებს, დასცინის მავნე ჩვევებს, მომხვეჭელობასა და მეშჩანობას.

ბელიაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია სამტომიანი ისტორიული რომანი “თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა” (1945-1948), რომელშიც გამოჩენილი პოეტის მხატვრულ ბიოგრაფიასთან ერთად წარმოდგენილია XVIII საუკუნის საქართველოს საზოგადო-პოლიტიკური ცხოვრება. რომანში “ოქროს ჩარდახი“ (წგნ. I, 1952) კვლავ ბესიკის თავგადასავალია გადმოცემული, დასავლეთ საქართველოს ისტორიულ მოვლენათა ფონზე. დიდ სამამულო ომს ეძღვნება რომანი „უღელტეხილი“ (1956). რომანში “ვეფხია ხალიბაური“ (ნაწ. 1-2, 1959-1960) ბელიაშვილი ასახავს ქართველ მეტალურგთა შრომასა და ყოფას. ახალგაზრდობის შრომა დაედო საფუძვლად დაუმთავრებელ რომანს “შვიდკაცა” (1960).

აკაკი ბელიაშვილი 1930 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. იყო „თბილისი კინოსტუდიის“ სასცენარო განყოფილების ხელმძღვანელი (1941-49), აგრეთვე, საქართველოს მწერალთა კავშირის კინოკომისიის თავმჯდომარე. შექმნა სცენარები სათავგადასავლო ფილმებისთვის: „ბანაკი მთაში“ (ა.თაყაიშვილი, 1930), „ნამდვილი კავკასიელი“ (მ. გელოვანი, 1931), „ცანის ხეობის საუნჯე“ (ზ. ბერიკაშვილი, 1941) და სხვ.

მისი რომანი დაედო საფუძვლად ფილმს „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (ნ. სანიშვილი, 1954), რომან „შვიდკაცას“ მოტივებზე დაიდგა ფილმი – „განგაში“(ნ. სანიშვილი, 1968).

ეკრანიზებულია ასევე მისი მოთხრობები: „ქოჩორა“ (გ. ჭოხონელიძე, 1967) და „მეზობლები“ (რ. ჭარხალაშვილი, 1971). მიხეილ ჭიაურელთან ერთად მონაწილეობა მიიღო ილია ჭავჭავაძის საეკრანო ადაპტაციაში – „ოთარაანთ ქვრივი“ (1957).

დაიღუპა 1961 წელს 57 წლის ასაკში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში მეუღლესთან ერთად, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მასთან ერთად დაიღუპა.

კომენტარები