აკაკი შანიძე – ქართველი ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ფილოლოგი, ლექსიკოლოგი, რუსთველოლოგი, ფოლკლორისტი, არმენოლოგი, ალბანოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი, იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ინგლისის “ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე და ვიცე-პრეზიდენტი.
დაიბადა 1887 წლის 26 თებერვალს სოფელი ნოღაში. მამა გაბრიელ ოქროპირის ძე შანიძე მედავითნე იყო და სოფლის მეურნეობას მისდევდა, დედა ეფიზო (ეფემია) იობის ასული შარაშენიძე კი — დიასახლისი. აკაკი შანიძე ოჯახში მეოთხე ვაჟი იყო. ქალიშვილის მონატრულ მამას კიდევ ერთი ვაჟის შეძენა მაინც და მაინც არ გახარებია, თანაც ოთხი ვაჟისთვის სადმე განათლების მიცემაც ძნელი იყო.
აკაკი სამი-ოთხი წლის იყო, როდესაც მშობლები გაჭირვების გამო იძულებული გახდნენ ოდა-სახლი გაეყიდათ და შვიდიოდე წლის განმავლობაში ისლით გადახურულ უსარკმელო, მიწისიატაკიან ე.წ. „სამზადისში“ („სამზადი“) ეცხოვრათ.
პატარაობისას აკაკი არაერთ განსაცდელში ჩავარდნილა და არაერთხელ დაშავებულა: ორი წლისა წითელათი და ყელის სნეულებით ისე ავად გამხდარა, სიკვდილის ზღვარზე მისულა. ხევისწყალში ბანაობისას მდინარის დინებას გაუტაცებია და წისქვილის რუსკენ გაუქანებია, მაგრამ მოზრდილ თანასოფლელებს ხელი ჩაუვლიათ და გადაურჩენიათ. ხუთიოდე წლისა ბლის ხეზე აბღოტებულა, თავი ვერ შეუმაგრებია, ჩამოვარდნილა და ქვაზე ისე მძიმედ დაურტყამს თავი, რომ გონება დაუკარგავს. სამ კვირაზე მეტი დასჭირდა აკაკის გამოკეთებას. ერთხელაც, ხურმის ხეზე ასულა თეთრი კამურის ყურძნის მოსაკრეფად, ტოტი მოსტყდომია და ძირს წამოსულა, მაგრამ ბედად ტოტის მონაჭერს პერანგის კალთა გამოსდებია და შეუკავებია. მომავალ მეცნიერს კიდევ არაერთხელ შეხვედრია განსაცდელი.
აკაკის ძმები ოზურგეთში სწავლობდნენ. სწორედ მათგან შინ ისწავლა წერა-კითხვა. სოფლის სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1897 წელს აკაკიმ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო სწავლა, სადაც ნიჭითა და სიბეჯითით თავი გამოიჩინა. არდადეგებზე შინ ბრუნდებოდა და ძმებთან ერთად მშობლებს საშინაო სამუშაოებში ეხმარებოდა. შრომასა და მუყაითობას, საქმისადმი ერთგულებასა და სიყვარულს მამამ მიაჩვია.
ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი აკაკი შანიძემ 1904 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ ის კლასიკურ გიმნაზიაში შევიდა, სადაც მომზადების დონის გათვალისწინებით მესამე კლასში მიიღეს. 1907 წელს, მეხუთე კლასის დასრულების შემდეგ, ზაფხულში მოემზადა, მეექვსე კლასი გამოტოვა და პირდაპირ მეშვიდე კლასში ჩააბარა გამოცდები.
1908-1910 წლებში აკაკი შანიძე თავის ახალგაზრდულ ლიტერატურულ თხზულებებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით: „გურჯი“ და „აკაკი მცირე“. მერვე კლასში ყოფნის დროს აკაკი წერეთლის 50 წლის იუბილეზე წარმოთქმული სიტყვის გამო აკაკი შანიძე კინაღამ დაითხოვეს გიმნაზიიდან. კლასიკური გიმნაზიის უფროსი კლასის მოსწავლეებმა შემოდგომაზე დიდი მგოსნისთვის იუბილეს გადახდა გადაწყვიტეს, მაგრამ არც თუ ისე კეთილად განწყობილი დირექციისგან ნებართვა გვიან მიიღეს და იუბილე 1909 წლის 8 იანვარს მოეწყო. იუბილეს აღსანიშნავად მოსწავლეებმა დავით კაკაბაძის დახატული „გოჩა-აკაკი“ მოამზადეს, თუმცა ნებართვის დაგვიანების გამო ნახატი 21 დეკემბერს, თეატრში გამართულ საიუბილეო საღამოზე მიართვეს. საიუბილეო პროგრამაში ორი მოხსენება იყო: ერთი იოველ ჟორდანიასი, მეორე კი, აკაკი შანიძისა — რუსულ ენაზე. მომავალი აკადემიკოსის მოხსენება მეცხრამეტე საუკუნის ქართული მწერლობის განვითარების გზებს, აკაკის წერეთლის ისტორიულ პოემებში რომანტიზმის მოტივებსა და ამ რომანტიზმის გამომწვევ მიზეზებს შეეხებოდა. აკაკი შანიძე წერდა: „…მოხსენებაში, სხვათა შორის, აღნიშნული მქონდა, რომ რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობის საკითხები XIX საუკუნის დასაწყისში გადაწყდა არა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო ერეკლეს დადებული ხელშეკრულებით და როგორც მოელოდა იმდროინდელი საზოგადოება, არამედ… აქ но-სთან შევჩერდი, აღარ წავიკითხე უშუალოდ მომდევნო წინადადებები, გადავფურცლე რვეული და გადავედი სხვაზე. ამ დროს უკანა რიგის მოწაფეებში ატყდა ტაშისცემა, მათ მიჰყვნენ სხვებიც და ამით ცარიზმის პოლიტიკის დაგმობამ აშკარად დემონსტრაციული ხასიათი მიიღო…“. მეორე დღეს საღამოსვე გიმნაზიის პედაგოგიური საბჭო მოიწვიეს, სადაც იუბილეზე მომხდარი ინციდენტის საკითხი გაარჩიეს. მასწავლებელთა ნაწილი აკაკი შანიძის გიმნაზიიდან გარიცხვას მოითხოვდა, თუმცა გიმნაზიის ინსპექტორმა მიხეილ საღარაძემ რიგი მიზეზების გამო აკაკის გიმნაზიიდან დათხოვნა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. საბოლოოდ, სასწავლო წლის მესამე მეოთხედში აკაკის ყოფაქცევაში სამი „დაუსვეს“. კავკასიის ოლქის „მზრუნველ“ რუდოლფის გადაწყვეტილებით კი მკაცრი საყვედური გამოუცხადეს.
1909 წელს აკაკი შანიძემ გიმნაზია ვერცხლის მედლიანი ატესტატით დაასრულა (ერთმა ოთხიანმა რუსულ ენასა და საეკლესიო სლაურ სიტყვიერებაში ოქროს მედლის მიღებაში შეუშალა ხელი, თუმცა იმ დროს მედლებს არც იძლეოდნენ, მხოლოდ იწერებოდა).
1909 წლის ზაფხულში სოფელ ხორხში, ბიძამისთან ყოფნის დროს შანიძეები ვაჟა-ფშაველამ სადილად მიიწვია. აკაკი შანიძემ ქართველი პოეტი მაშინ პირადად გაიცნო.
იმავე წლის შემოდგომაზე აკაკი პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მას ლექციებს უკითხავდნენ საქვეყნოდ განთქმული ორიენტალისტები და რუსეთის გამოჩენილი მეცნიერები: ნიკო მარი (ქართულ-სომხური ფილოლოგია), ივანე ჯავახიშვილი (საქართველოს ისტორია), ალექსანდრ შმიდტი (არაბული ენა), ვ. ჟუკოვსკი (სპარსული ენა), ვ. ბართოლდი (აღმოსავლეთის ისტორია) და სხვები.
1910 წლის მაის-აგვისტოში გერმანული ენის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით მეორეკურსელი აკაკი შანიძე გერმანიაში, ქ. კენინგსბერგში იმყოფებოდა. იმავე წელს, პეტერბურგში ყოფნისას მომავალი ენათმეცნიერი კიდევ ერთხელ შეხვდა საფრანგეთიდან სამშობლოსაკენ მიმავალ აკაკი წერეთელს.
1909 წლიდან აკაკი შანიძე პეტერბურგის უნივერსიტეტის „ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრის“ სარევიზიო კომისიის წევრი იყო, 1910 წლიდან — მდივანი, ხოლო 1911 წლიდან — თავმჯდომარე. 1911-1912 წლებში სწორედ ამ სამეცნიერო წრემ რუსეთისა და საზღვარგარეთის ქართველ სტუდენტებს ანკეტები დაუგზავნა, რათა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემთხვევაში ლექტორები მოეწვიათ და რომლის მუხლჩაუხრელი მუშაობის მეშვეობით გაირკვა, რომ “ქართველ სტუდენტობაში დიდი იყო ინტერესი მეცნიერებისადმი…“.
1911 წელს ნიკო მარის წინადადებით პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტმა დიალექტოლოგიური მასალების შესაგროვებლად აკაკი შანიძე ფშავსა და ხევსურეთში მიავლინა. აკაკიმ ფშავ-ხევსურეთში მხოლოდ ერთი თვე დაჰყო, მაგრამ საკმაო რაოდენობის ტექსტები ჩაიწერა, ფშაურისა და ხევსურულის დიალექტური ლექსიკონი შეადგინა და ამ კილოთა ძირითადი ფონეტიკურ-გრამატიკული თავისებურებები შეისწავლა. აკაკი შანიძე სოფელ ჩარგალში ვაჟა-ფშაველასაც ესტუმრა.
1912 წელს „პეტერბურგის ერთ პაწია, სტუდენტურ კამერაში“ აკაკი შანიძეს რამდენიმე თვე სტუმრობდა კონსტანტინე გამსახურდია. როგორც მწერალი აღნიშნავს, აკაკი მუდამ გულისხმიერად ეკიდებოდა მის მუშაობას და კენიგსბერგსა და ლაიპციგში ყოფნისას ხანგრძლივი მიმოწერა ჰქონდა.
1912-1913 წლებში ა. შანიძემ „რუსული ენციკლოპედიის“ III, IV, V და VI ტომებში მნიშვნელოვანი წერილები მოათავსა, მათ შორის: „ვახტანგ VI“, „ვახუშტი“, „დავით გურამიშვილი“, „ბესარიონ გაბაშვილი“, „ქართული ანბანი“, „ქართული ლიტერატურა“, „ქართული ენა“ და სხვა.
1913 წლის მაისში აკაკი შანიძემ პეტერბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა, ნიკო მარის წარდგენით იგი ქართულ-სომხური ფილოლოგიის კათედრის პროფესორობისთვის მოსამზადებლად დატოვეს. ზაფხულში საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის დავალებით, აკაკი შანიძე მთის კილოების შესასწავლად კიდევ ერთხელ გაგზავნეს საქართველოში. ახალგაზრდა მკვლევარმა თვალივი, ფასანაური, გუდამაყარი, დუმაცხო, ბაკურხევი, თუშეთის, თიანეთის, მთიულეთის, ფშავის, ხევის, ხევსურეთისა და პირიქითა ხევსურეთის სოფლები მოიარა. ამ მოგზაურობისას აკაკი მესამედ შეხვდა ვაჟა-ფშაველას, რომელიც კარგად გაუმასპინძლდა ფილოლოგს და შემდეგ მეგზურობაც გაუწია (ენათმეციერი დიდ მგოსანს მეოთხედ და უკანასკნელად 1915 წლის ზაფხულში შეხვდა, როცა სნეული პოეტი ქართული გიმნაზიის შენობაში მოთავსებულ სამხედრო ლაზარეთში (დღევანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი) იწვა).
1914 წელს აკაკი შანიძე მივლინებით იმყოფებოდა ეჩმიაძინში, სადაც „ქებათა-ქების“ ქართულ-სომხური წარმოშობის გარკვევას ცდილობდა. ივლისში კოღოებმა მას მალარია შეჰყარეს, ავად გახდა და ალექსანდრეპოლში (დღევანდელი გიუმრი) გადავიდა. გამოკეთდა თუ არა, მაშინვე ახალი სომხური ენის შესწავლა დაიწყო.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აკაკი შანიძე თბილისში ჩავიდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. ამ დროიდან იწყება აკაკი შანიძის ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობა.
1919 წელს კენჭს იყრიდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოციალისტ-ფედერალისტების სიით. იყო სიის 33-ე ნომერი, მაგრამ ვერ მოიპოვა კრების წევრის მანდატი.
მან ი. ყიფშიძესა და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიებას. მისი ნაშრომები ეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტოლოგიის, ეპიგრაფიკის, ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. შანიძის ადრეული გამოკვლევები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში “ქართული ენის გრამატიკა”, რომელიც გამოიცა 1930 წელს და არის ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკა. უაღრესად მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი “ძველი ქართული ენის გრამატიკა”, რომელიც 1976 წელს გამოიცა. აღნიშნული წიგნი ითარგმნა გერმანულ ენაზეც. მეცნიერის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვ. დიდია მისი ღვაწლი “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში. მისმა კაპიტალურმა ნაშრომმა “ქართული ხალხური პოეზია – ხევსურული”(1931) სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას.
აკაკი შანიძემ ბევრი დამფასებელი და თაყვანისმცემელი შესძინა ქართულ ენას, ლიტერატურასა და კულტურას.
მან დიდი ამაგი დასდო ქართულ ფილოლოგიას. ხანგრძლივი მოღვაწეობის დროს მეცნიერმა არაერთი სანიმუშო ტექსტი გამოსცა. ქართულ პალეოგრაფიაში სავარჯიშოდ აკაკი შანიძემ ლითოგრაფიული წესით 1924 წელს გამოსცა „თარგმანებაი ქებისა ქებათაისა“. 1935 წელს კი ძველ ქართულ ენაში სავარჯიშოდ დაბეჭდა „ძველი ქართულის ქრესტომათია I“, რომელშიც უძველესი ქართული ხელნაწერების ნაწყვეტები და ძველი წარწერების ტექსტებია მოყვანილი.
აკაკი შანიძემ დიდი მუშაობა გასწია ქართული საშრიფტო მეურნეობის ორგანიზაციისა და გამდიდრების საქმეში. 1929 წელს მხატვარ დიმიტრი შევარდნაძესთან ერთად ძველი ქართული შრიფტი შეიმუშავა, რომლითაც მისი “ძველი ქართული ქრესტომათია“ დაიბეჭდა.
აკაკი შანიძე ყოველთვის გულისყურით ეკიდებოდა მრავალსაუკუნოვანი წერილობითი ტრადიციის მქონე ქართული ენის ნორმალიზაციის საქმეს და თავგამოდებით იბრძოდა სადავო საკითხების მეცნიერულ საფუძველზე გადაწყვეტისათვის. ჯერ კიდევ 1920 წელს ქართული ზმნის პრეფიქსებზე დაბეჭდილ მეცნიერულ მონოგრაფიაში მან დამატების სახით შეიტანა „პროექტი ორთოგრაფიის რეფორმისთვის“, რომელშიც დასაბუთებულია დებულება, რომ სალიტერატურო ენის სადავო საკითხების დადგენისას ისტორიული (ძველი ტექსტების) და კილოური (სალაპარაკო ენის) მონაცემები ერთობლივად უნდა იყოს გათვალისწინებული.
აკაკი შანიძემ ბევრი დაზიანებული ეპიგრაფიკული ძეგლი აღადგინა, მათ შორის: წყისის, მანგლისის, ხოშის, გრემის, ხუნამისისა და სხვა წარწერები. ბოლნისისა და მცხეთის ჯვრის წარწერებზე ენათმეცნიერმა სალიტერატურო ენის ძველი საფეხურისათვის დამახასიათებელი ძველი ქართული ენის არქაული ფორმები ამოიცნო.
შანიძის სამეცნიერო ინტერესში ლიტერატურისა და ფოლკლორისტიკის საკითხებიც შედიოდა. მეცნიერი განსაკუთრებით მხატვრული ლიტერატურისა და ზეპირსიტყვიერების ურთიერთობის პრობლემატიკას იკვლევდა.
მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია.
აკაკი შანიძე 1987 წლის 29 მარტს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო-სავანეში.
2016 წლის 30 ივლისს სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე მთას აკაკი შანიძის სახელი მიენიჭა.
აკაკი შანიძის სახელს ატარებს სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლა. წყალი, რომლითაც სკოლა სარგებლობს, აკაკი შანიძის მიერაა გაყვანილი.
აკაკი შანიძის სახელს ატარებს ქ. თბილისში (ძველი თბილისის რაიონი), ქ. ქუთაისსა და ქ. ბორჯომში არსებული ქუჩები.
აკაკი შანიძის ბიბლიოგრაფია შვიდასამდე ნაშრომს მოიცავს. მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა აკადემიკოსის პირადი ფონდი საქართველოს ეროვნულ არქივს უსასყიდლოდ გადასცეს. საენათმეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდელის პირადი ფონდი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებაშია დაცული. პირად არქივშია აკაკი შანიძის მხატვრული შემოქმედება, მისი ლექსები და კაფიები, გაშაირება იოსებ გრიშაშვილთან და სხვა. ფონდი მოიცავს 1859-1987 წლებს და მეცნიერის საუკუნოვან მოღვაწეობას ასახავს. ენათმეცნიერის პირადი ბიბლიოთეკა მისმა ოჯახმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2015 წელს გადასცა.
1923 წლით დათარიღებული ივანე ჯავახიშვილის ხელდასხმით შექმნილი ისტორიული რუკის ერთ-ერთი ეგზემპლარი, რომელიც აკაკი შანიძეს კონსტანტინე ზანისისაგან 1937 წელს შეუძენია, ენათმეცნიერის შთამომავალთა ოჯახშია დაცული.
კომენტარები