გოჩა აბაშიძე – ქართველი მსახიობი.
დაიბადა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში 1937 წელის 26 მაისს, თუმცა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. დაამთავრა თბილისის 62-ე საშუალო სკოლა.
1961 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ფილმებში მან სრულიად განსხვავებული, შთამბეჭდავი სახეები შექმნა, რომლებმაც აშკარა გახადეს მისი მდიდარი შემოქმედებითი პალიტრა, გატაცებული იყო მხატვრობით, მუსიკით, პოეზიით. წერდა ლექსებს.
კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დათო (“ისინი ჩამივიდნენ მთიდან”, 1954), ბადრი (“ცისკარა”, 1955), თედო (“ჩრდილი გზაზე”, 1956), მილიციელი (“აბეზარა”, 1956), ვაჟა თაბაგარი (“ჩვენი ეზო”, 1956), მანუჩარი (“მაია წყნეთელი”, 1959), ელგუჯა (“სად არის შენი ბედნიერება, მზია?, 1959), გაბრო (“გლახის ნაამბობი”, 1961).
სიცოცხლე თვითმკვლელობით 24 წლის ასაკში დაასრულა, საზოგადოება შეძრა ამ ამბავმა, ჭორები უმალ აგორდა, თუმცა მისი მეუღლე ნუნუ გაბუნია ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობის გარდაცვალების შესახებ ამბობს:
“თეთრ ქარავანში” მთავარ როლზე დაამტკიცეს. იმ პერიოდში გოჩამ მანქანა ვიღაც სომეხ კაცს მიჰყიდა. ნაწილი ფულისა აიღო, მეორე ნაწილი მანქანის გაფორმების მერე უნდა მიეღო. იმ კაცს ვერ გაუფორმებია და ფული უკან მოუთხოვია. გოჩამ კი ფული ვისაც მიაბარა, იმას დაუხარჯავს. მევალე სადარბაზოში უდარაჯებდა ხოლმე და ფანჯრიდან უხდებოდა სახლში შესვლა. კინოსტუდიაში მისულა, ავანსი მოუთხოვია… იქ კი უდიერად მიუხლიათ, – მოხსნილი ხარ როლიდანო.
თავს მოვიკლავო… შენ კი არა, შავგულიძე მოკვდა და არავინ გადაჰყოლიაო. ამ დროს სტუდიაში ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე მისულან სულ სხვა საქმეზე. გოჩა გიჟივით რომ გამოვარდნილა, დევის ლეილასთვის უთხოვია, – გაჰყევი, რამე არ მოიწიოსო. გოჩა შინ მისულა და შაბიამანი დაულევია. სასწრაფო გამოიძახეს. სასწრაფოს მანქანაში ლეილაც ჩაჯდა. ამიტომ ყველა ალაპარაკდა, ვითომ მის გამო მოხდა ყველაფერი… არადა, მთავარი მიზეზი როლიდან მოხსნა იყო.
გოჩამ 8 დღე იცოცხლა. სიკვდილის წინაღამეს უმღერია კიდეც ბიჭებთან… ეგონა, გადავრჩიო. სამწუხაროდ, ვერ გადაარჩინეს. შინ რომ მიასვენეს, მივედი… ვფიქრობდი, მერე არ ვინანო-მეთქი… პანაშვიდებსა და დაკრძალვაზე კი ვეღარ წავედი. მაღალი სიცხე მქონდა…”
წყვილს ერთი ქალიშვილი – მანანა ჰყავს.
გოჩა აბაშიძე 1961 წლის 8 ოქტომბერს გარდაიცვალა.
კომენტარები