მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში”, – კატო მიქელაძე

“დაიბადა იმერეთში”, – კატო მიქელაძე

კატო მიქელაძე – ქართველი ფემინისტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. ის დაიბადა 1878 წლის 18 სექტემბერს ქუთაისის მაზრაში, სოფელ კულაში. დედა ნაადრევად გარდაეცვალა, მამა განებივრებული აზნაური გახლდათ, რომელიც ოჯახსა და შვილებზე ნაკლებად ზრუნავდა, დედის გარდაცვალების შემდეგ კატოს მამამ ოჯახი მიატოვა და პატარა გოგონა მოხუცი ნათლიის იმედად დარჩა.

კატომ დაწყებითი განათლება ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში მიიღო, თუმცა სწავლის დასრულება ხელმოკლეობის გამო ვერ მოახერხა. 1900 წელს კატომ დაამთავრა საბებიო ინსტიტუტი და სამუშაოდ ცხინვალში გაემგზავრა. მან ცხინვალში დააარსა ბიბლიოთეკა, სცენის მოყვარულთა წრე და დადგა უფასო წარმოდგენები და როგორც თვითონ წერდა „სინათლე შეჰქონდა ხალხში“.

1903 წელს “ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ კატო მოსკოვში გააგზავნა, პედაგოგიურ კურსებზე სასწავლებლად. 1906 წელს კი იქიდან ევროპაში გაემგზავრა. მან ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ–პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ კი პარიზში დასახლდა, სადაც 1915 წლამდე დარჩა და საფუძვლიანად გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას.

1916 წელს სამშობლოში დაბრუნებულმა კატომ დაიწყო თანამოაზრეების შემოკრება და ქალის სამოქალაქო–პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლა, ასევე ქუთაისში აქტიურად ასწავლიდა ფრანგულ ენას.

1917–18 წლებში კატო მიქელაძემ ჩამოაყალიბა რეგიონული ქსელი “ქალთა ლიგა“, რომელიც აერთიანებდა დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენელ ქალს. ამავე წლებში ის გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს “ხმა ქართველი ქალისა“, სადაც კონსოლიდირებული იყო ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის საჭირო დასავლური გამოცდილება და ქართული პრობლემების მთელი პალიტრა.

ეს იყო ყოველკვირეული საპოლიტიკო, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი, რომელიც ქუთაისში გამოდიოდა. სულ გამოიცა გაზეთის 50 ნომერი.

“ხმა ქართველი ქალისა“ უმთავრეს მიზნად ისახავდა ქალთა ძალის გაერთიანებას ქვეყნის საკეთილდღეოდ, ქალთა უფლებების დაცვას, ბრძოლას ქალის ადამიანური პიროვნების აღდგენისთვის. ეს გაზეთი იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისთვის, მოითხოვდა ქალის პოლიტიკური უფლების აღდგენას, მის მამაკაცთან უფლებრივ გათანაბრებას, ქალთა საარჩევნო ხმის უფლების დაკანონებას და მის მონაწილეობას საკანონმდებლო საქმიანობასა და თვითმმართველობაში.

ასევე, სახელფასო ანაზღაურების თანასწორობას თანაბარი შრომისათვის, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სქესობრივი პრივილეგიის გაუქმებას, ორივე სქესის თანაბარი განათლების უფლებას და სხვა.

ყველა ნომერს გასდევს ქალთა უფლებების გამომხატველი და მათი გაერთიანების იდეის შემცველი მოწოდებები : სრული პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება ქალებს! გაუმარჯოს ქალთა სოლიდარობას! ქალებო მთელი ქვეყნისა შეერთდით! დევიზი: თანასწორობა სქესთა წინაშე კანონისა!

ხმა ქართველი ქალისა“ –  ეს გაზეთი ძალიან მნიშვნელოვან როლს  ასრულებდა  გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ქვეყნის პროგრესული  განვითარების გზაზე ამ გაზეთის დაარსებით კატო მიქელაძემ ბევრ ნიჭიერ ქალს შეუწყო ხელი თვითრეალიზაციაში.

სიტყვა თქმული კატო მიქელაძის მიერ, ქალთა საზოგადო კრებაზე, ქ. ქუთაისში 1917წლის 20 მარტს:

“ქართველო ქალებო, იცოდეთ, რომ ჩვენ გვმართებს დიდი თავგამოდება, დიდი მეცადინეობა, რომ ის უღირსი, ჩვენი ზნეობრივად დამამცირებელი, ჩვენი ადამიანური ღირსების შემლახველი უკუღმართობანი, რომლებიც რუსის ბიუროკრატიამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა. ვის უნდა ახარებდეს მისი დამსხვრევა, ისე როგორც ჩვენ? მაგრამ როგორ ვხვდებით ჩვენ, ქართველი ქალები იმ დიდ ისტორიულ მოვლენებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხდება, სამწუხაროდ ერთობ პასიურად  ვხვდებით და ასეთი ჩვენი მდგომარეობა უეჭველად უნდა შეიცვალოს, რომ გამოვიდეთ დღევანდელი მონური ცხოვრებიდან. წინსვლა და გამარჯვება ქართველ ხალხს, განურჩევლად სქესისა“.

კატო მიქელაძე  1918–19 წლებში  გუდაუთაში, 1920 წელს კი  სიღნაღში მუშაობდა პედაგოგად.1921 წლიდან საბოლოოდ დასახლდა თბილისში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროიდან მასაც საბჭოთა წნეხის ქვეშ მოუწია ცხოვრება. 1930 წლიდან მუშაობდა ცენტრალურ არქივსა და რევოლუციის მუზეუმში. მოგვიანებით გაწევრიანდა მწერალთა კავშირში. 1940 წლიდან ფრანგული ენის კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს.

ქალთა  ფონდმა  საქართველოში  2013  წელს დააწესა კატო  მიქელაძის სახელობის  პრემია,  რომელსაც ყოველწლიურად 29  ნოემბერს ქალთა  უფლებების დამცველთა  საერთაშორისო დღეს გადასცემს  ქალთა  უფლებების დამცველ ერთ  აქტივისტს  საქართველოში.

მე-20  საუკუნეში  მოღვაწე ქართველი  ფემინისტი ქალი,  ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი  და ქალთა  ემანსიპაციისთვის თავდადებული  მებრძოლი კატო  მიქელაძე  1942  წელს  გარდაიცვალა,  სამწუხაროდ, მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” ყოველ კვირას წარმოგიდგენთ იმ საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც იმერეთში დაიბადნენ და თავიანთი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს საქართველოში.

ავტორი : ელენე კაკაბაძე
წყარო: ამბები ანტიკური ქალაქის – ქუთაისის ისტორიიდან

კომენტარები