ნიკოლოზ (ნიკა) აგიაშვილი – ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი.
დაიბადა 1903 წლის 1 სექტემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ დიხაშხოში (ახლანდელ ვანის მუნიციპალიტეტში). 1924 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი (ყოფილი კლასიკური გიმნაზია). სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1928 წელს.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ინტენსიურად 1925 წლიდან. ამავე წლიდან იბეჭდება ნიკა აგიაშვილის წერილები და თარგმანები. იგი იყო შესანიშნავი მთარგმნელ-სტილისტი. ნიკა აგიაშვილი ავტორია მონოგრაფიებისა: “სერვანტესის ცხოვრება”, რომელიც პირველად 1941 წელს დაიბეჭდა (და საერთოდ ხუთჯერ გამოიცა), “ჭაბუკები დარჩნენ მარად”, რომელიც პირველად გამოვიდა 1961 წელს და “ალექსანდრე ნეველი”.
მან თარგმნა ჯეკ ლონდონის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის და სხვათა ნაწარმოებები. ნიკა აგიაშვილის შემოქმედებაში სინამდვილისადმი დამოუკიდებლობა გადმოცემულია ტრაგიკული ირონიით. მისი წერილები და მოგონებები ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა შესახებ ფასდაუდებელია.
ნიკა აგიაშვილი გარდაიცვალა 1984 წლის 27 ნოემბერს 81 წლის ასაკში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
კომენტარები