მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – ნიკოლოზ ელიავა

“დაიბადა იმერეთში” – ნიკოლოზ ელიავა

ნიკოლოზ (ნიკო) ზურაბის ძე ელიავა – ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

დაიბადა 1876 წელს, სოფელ ღანირში, აზნაურის ოჯახში.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. სწავლის პერიოდიდან იყო ჩართული “მესამე დასის“ წრეების, შედეგ კი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში; 1902 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას; მუშაობდა ნაფიც ვექილად;

1902 წელს იცავდა ბათუმში დაპატიმრებული მუშების ჯგუფს, რომელთაც მარტში, გაფიცვის შემდეგ დაპატიმრებული ამხანაგების გათავისუფლების მოთხოვნით, იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) მიერ ორგანიზებული დემონსტრაციისას პოლიციასთან და ჯართან შეტაკება მოუხდათ;

ჟურნალ „კვალიდან“ მოყოლებული, თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ პრესაში „ნ.-ვას“-ს, „ნ-კას“, „ე-ას“ და „ე-ას“ ფსევდონიმებით. იყო ჟურნალ „მოგზაურის“ მეორე რედაქტორი;

1905 წლიდან, თავის ძმასთან შალვა ელიავასთან ერთად, მუშაობდა რსდმპ-ის „ბოლშევიკების“ ფრაქციაში;

ნიკო ელიავა შედიოდა იმ ადვოკატთა ჯგუფში, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური საბაბით დაპატიმრებული პირების დაცვაში მონაწილეობდნენ და უფასო კონსულტაციებს უწევდნენ მუშებს;

1905 წლიდან იყო ყოველდღიურ გაზეთ „Кавказский рабочий листок“-ის ფაქტობრივი რედაქტორი; გაზეთი რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ოფიციალურ ორგანოდ იქცა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რის გამოც მეფის ხელისუფლებამ მალევე, 15 ნომრის გამოსვლის შემდეგ, დახურა და რედაქტორი და მფლობელი პასუხისგებაში მისცა სისხლის სამართლის დებულების 124-ე და 103-ე მუხლებით – არსებული წყობილების დამხობისკენ მოწოდებისა და იმპერატორის ღირსების შეურაცხყოფის ბრალდებით; ნიკო წინასწარი დაკავების თავიდან ასაცილებლად არარეგულარულად მოქმედებას აპირებდა, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა, სადაც დააპატიმრეს და რამდენიმე თვით ჩასვეს მეტეხის ციხეში. მეორე სხდომაზე სასამართლომ მას ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა და თავდებით გაათავისუფლა.

გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც კიდევ დააპატიმრეს და იჯდა ე. წ. „Крепость“-ში; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ განაგრძობდა პარტიულ და საადვოკატო საქმიანობას; 1910 წელს არჩეული იყო ქართული სახალხო თეატრის გამგეობის თავმჯდომარედ;

1912 წელს ადმინისტრაციული წესით გადაასახლეს როსტოვში, საიდანაც ამნისტიით გათავისუფლდა. 1913 წელს კვლავ დააპატიმრეს. პეტერბურგის ციხეში გაატარა 3 წელი, შემდგომ კი გადაასახლეს ასტრახანში;

1916 წლიდან მუშაობდა ტფილისის დაჭრილთა და ომში დასახიჩრებულთა კომიტეტის მთავარ კონტროლიორად;

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, მარტიდან ნოემბრამდე, იყო ტფილისის საგუბერნიო მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე;

არჩეული იყო კავკასიის ვექილთა საბჭოს წევრად;

1917 წლის აგვისტოში თბილისის ხმოსანთა სათათბირომ აირჩია ქალაქის თავად. ის  რევოლუციის შემდგომი თბილისის პირველი ქართველი მერი იყო. მერე გახდა საქართველოს ქალაქთა კავშირის თავმჯდომარე;

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად;

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი;

1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო თვითმმართველობის და მომარაგების კომისიების თავმჯდომარე, გარეშე საქმეთა, საბიუჯეტო-საფინანსო და სარეკომენდაციო კომისიების წევრი;

რევოლუციამდე ნიკოლოზი უანგაროდ იცავდა სასამართლოში დაპატიმრებულ რევოლუციონერებს, რომელი პარტიის წევრიც უნდა ყოფილიყვნენ ისინი (მათ შორის სოსო ჯუღაშვილს). მისი ძმა შალვა ელიავა, რომელიც მან ჯერ კიდევ გაუყოფელ სოციალ-დემოკრეტიულ პარტიაში აიყვანა, თავგამოდებული ბოლშევიკი გახლდათ და ძმები საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხში ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციაზე აღმოჩნდნენ.

ნიკო ელიავა დაქორწინებული იყო ელისაბედ ჭიჭინაძეზე. ელისაბედს დამთავრებული ჰქონდა გიმნაზია და სპეციალური სამასწავლებლო კლასი. მან გამოცდებიც ჩააბარა და მასწავლებლობის უფლება მოიპოვა.

მათ ხუთი შვილი შეეძინათ – ორი ვაჟი და სამი ასული.

როდესაც ნიკოს აპატიმრებდნენ, ელისაბედს უწევდა ოჯახის გაძღოლა. ის სახალხო სკოლის გამგე იყო (იქვე პატარა ბინა ერგებოდა), ამასთანავე წერდა, თარგმნიდა საბავშვო მოთხრობებს და აქვეყნებდა სხვადასხვა ჟურნალში, მაგ. “ჯეჯილში“.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ ნიკო ელიავა მენშევიკურ მთავრობასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში; ცხოვრობდა სტამბოლში, შემდეგ გერმანიასა და საფრანგეთში.

ნიკოს ცოლი და ბავშვები ერთხანს საქართველოში დარჩნენ. მათ გამგზავრებაში შალვა ელიავა დაეხმარა.

1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა ნიკოს ქონების კონფისკაცია.

ემიგრანტები, პირველ ხანებში, გერმანიაში საკმაოდ კარგად ცხოვრობდნენ. გოგონები სკოლაში დადიოდნენ. ზურაბი (უფროსი ვაჟი) ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სწავლობდა. ნიკო ელიავა ბანკში მუშაობდა. მერე გერმანიაში რევოლუცია დაიწყო, ბანკი გაკოტრდა და მათ ძალიან გაუჭირდათ.

1924 წელს ნიკომ თავისი ოჯახი საქართველოში გამოაგზავნა. იგი თვლიდა, რომ  ყველა თავის სამშობლოში უნდა ცხოვრობდეს, რაც არ უნდა უჭირდესო და შვილებსაც ასე ზრდიდა.

ზურაბმა ჰაიდელბერგის წარჩინების დიპლომი მიიღო და, რასაკვირველია, მოახერხებდა ევროპაში სამსახურის მონახვას, მაგრამ ისიც უნივერსიტეტიდან გაგზავნილ სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. მხოლოდ იოსები (იკა) წავიდა პარიზში, იქ უნდოდა სწავლა.

1926 წელს ნიკოლოზ ელიავამ განცხადებით მიმართა საქართველოს სსრ მთავრობას, რომ წყვეტდა პოლიტიკურ საქმიანობას, ურიგდებოდა საბჭოთა ხელისუფლებას და ითხოვდა საქართველოში დაბრუნების უფლებას.

ელისაბედმა ქმარს წერილი მისწერა თბილისიდან, რომელშიც სრულ თავისუფლებას აძლევდა. წერდა: როგორც შენთვის უკეთესი იქნება, ისე მოიქეცი: თუ გინდა დარჩი, მაგრამ თუ ჩამოსვლა მოგინდება, შენი ოჯახი ყოველთვის სიხარულით შეგხვდებაო.

1926 წლის 29 სექტემბერს ნიკო ელიავა დაბრუნდა თბილისში; ჩამოსვლისას მან დოკუმენტი შექმნა, რომელშიც პირობას დებდა, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობას წყვეტდა სამუდამოდ და მხოლოდ პატარა შვილიშვილის გაზრდა და სამშობლოში ცხოვრება სურდა.

შემდგომ წლებში საქმიანობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში: იყო დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში მუშაობდა საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ეკონომისტად.

1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს საქართველოს სსრ შინსახკომმა ძალისმიერი მეთოდებით, ზეწოლის გზით მოახერხა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ყოფილი ლიდერებისაგან, მათ შორის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისგან, აღიარებითი ჩვენებების მიღება, რომელთა თანახმადაც საქართველოში არსებობდა კონტრრევოლუციური „მენშევიკური ცენტრი“, რომლის მიზანიც შეიარაღებული გადატრიალებისა და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა იყო.

1937 წლის 15 აპრილს პენსიონერი ნიკო ელიავა „კონტრრევოლუციური მენშევიკური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს.

1937 წლის 12 ივლისს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა.

დახვრიტეს 13 ივლისის ღამეს, 61 წლის ასაკში.

დახვრიტეს ასევე მისი ვაჟი, ინჟინერი ზურაბ ელიავა.

რეაბილიტირებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1957 წლის 8 ოქტომბერს.

კომენტარები