მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში”, – რევაზ ლაღიძე

“დაიბადა იმერეთში”, – რევაზ ლაღიძე

რევაზ ლაღიძე – ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი.

რევაზ ილიას ძე ლაღიძე 1921 წლის 10 ივლისს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ობჩაში (ამჟამინდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი). 1939 წელს დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი (ვიოლინოს განხრით), 1941-1949 წლებში ვიოლინოზე უკრავდა სიმფონიურ ორკესტრებში. 1948 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ანდრია ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი).

ლაღიძე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია. მას ეკუთვნის ოპერა „ლელა“ (1973), მუსიკალური კომედიები “მეგობრები“ (1951) და „კომბლე“ (1957), სიმფონიური პოემა „სამშობლოსათვის“ (1949), სიმფონიური სურათი „საჭიდაო“ (1952), რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა („სიმღერა სამშობლოზე“, „ბალადა ვაზზე“, „ოდა მესხეთზე“, „მოხეური ბალადა“ და სხვა), საფორტეპიანო („ტოკატა“ და სხვა) და ჩელოს („პოემა“, „ელეგია“ და სხვა) პიესები, ერთნაწილიანი კანტატა „მელის ვარძია“ შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის (1966, ირაკლი აბაშიძის ლექსზე ციკლიდან „რუსთაველის ნაკვალევზე“), მუსიკა სპექტაკლებისა (გენო ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი“, ლეო ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“ და სხვა სულ 40-ზე მეტი) და კინოფილმებისათვის („საბუდარელი ჭაბუკი“, „ნინო“, „ზვიგენის კბილი“, „ხევისბერი გოჩა“ და სხვა. სულ 30-ზე მეტი).

ნაყოფიერად მუშაობდა სიმღერის ჟანრში. მისი სიმღერები გამოირჩევა იშვიათი მელოდიურობით და გულწრფელობით. პოპულარულია ლაღიძის “სიმღერა თბილისზე“.

რევაზ ლაღიძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო ალექსანდრე პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე. 1964 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგი (კამერული ანსამბლი). მიიღო სსრკ სახელმწიფო პრემია (1978) და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1975).

გარდაიცვალა 1981 წლის 16 ოქტომბერს, 60 წლის ასაკში.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები