მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – უშანგი ჩხეიძე

“დაიბადა იმერეთში” – უშანგი ჩხეიძე

უშანგი ჩხეიძე – ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, დაიბადა 1898 წლის 28 ნოემბერს ზესტაფონის რაიონში, სოფელ ფუთში.

სწავლობდა ზესტაფონის კერძო სკოლაში. 1918 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად მეცადინეობდა რეჟისორ გიორგი ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. თავდაპირველად მონაწილეობდა მუშათა თეატრების (ავჭალის აუდიტორის, ავლაბრის თეატრი, თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბი) წარმოდგენებში.

1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში. წარმატებით შეასრულა როლები: ვიქტორი და არისტო (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ და „სამანიშვილის დედინაცვალი“), ელიზბარი (ს. შანშიაშვილის „მათრახის პანაშვიდი“), მეფე ჯიმშერი (ი. გედევანიშვილის „სინათლე“), ინკუბუსი (ს. შანშიაშვილის „ლატავრა“), ფილი კულენი (ჯ. სინგის „გმირი“) და სხვა.

1925 წელს ჩხეიძემ ბრწყინვალედ განახორციელა ჰამლეტის სახე (უ. შექსპირის „ჰამლეტი“) და საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც ნიჭიერმა დრამატულმა მსახიობმა. შემდეგ იგი სხვა მსახიობებთან ერთად გადავიდა ახლად დაარსებულ თეატრში (1933 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), ჯერ ქუთაისში (1928–1930), ხოლო 1930 წლიდან თბილისში. აქ კოტე მარჯანიშვილის დადგმებში (1928-1933) მაღალმხატვრულად შეასრულა შემდეგი როლები: კარლ ტომასი (ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცლობთ!“), ბეგლარი (კალაძის „როგორ“), ურიელ აკოსტა (გუცკოვის “ურიელ აკოსტა“), ყვარყვარე (კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), კვეჟენაძე (შ. დადიანის „კაკალ გულში“), გულბაათი (კ. კალაძის „ხატიჯე“), გრაფი ჩენჩი (შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“), იაგო (შექსპირის „ოტელო“).

ჩხეიძე როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცური ტონით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით.

ჩხეიძე თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს. მისი პიესა „გიორგი სააკაძე“ იდგმებოდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე (ვ. ყუშიტაშვილის დადგმით 1940 და ვ. ტაბლიაშვილის დადგმით 1953). დაწერა წიგნები: „კ. მარჯანიშვილი – რეჟისორი და მასწავლებელი“ (1949), „მოგონებები და წერილები“ (1956). კინოში შესრულებული აქვს როლები: ნიკო („ქარიშხლის წინ“, 1925), რაიკომის მდივანი იულონი (“ნარინჯის ველი“, 1937) და სხვა.

მიწაში ჩასვენებამდე და დაღმასვლამდე იყო სიცოცხლე – მჩქეფარე და დაუდეგარი, იყო რომანები, გატაცებები…

“გატაცებული რომ არ ვყოფილიყავი, ისე ჩემი თავი არ მახსოვს. გატაცებული ვიყავი ისეთი პატარა რომ ვისაც მოვუყვები ხოლმე, არ სჯერათ. მე ვიყავი რვა წლის… იყო ერთი მასწავლებელი ქალი, რომელზეც შეყვარებული ვიყავი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ყოველ გამოძახებაზე ვწითლდებოდი, მინდოდა რომ მეცქირა მუდამ ამ ქალისთვის. დღეში რამდენჯერმე გავივლიდი მის ბინასთან და რაღაც ჩემთვის გაურკვეველ სიამოვნებას ვგრძნობდი ყოველთვის მასთან შეხვედრისას. ამაზე უფრო ადრეც მახსოვს ასეთივე გრძნობა ჩემ თანატოლ გოგონას მიმართ. ვცდილობდი სულ მასთან მეთამაშნა, მომწენობებინა მისთვის თავი, მინდოდა მომეალერსნა მისთვის…“ – წერდა უშანგი ჩხეიძე.

უკვე 5-6 კლასში უყვარდა ერთი მოწაფე ქალი „ნ.ჯ“ (ასე ინიციალებით შემორჩა ეს ქალი ლეგენდარული მსახიობის მემუარებს), რომელიც გატაცებით უყვარდა, მაგრამ ვერ აუხსნა სიყვარული… არადა, თავის მოწონების უცნაური მეთოდიც კი შეიმუშავა – ძმაკაცებთან ერთად გადაჰკრავდა, გამოთვრებოდა და ეტლით ჩაუქროლებდა ამ გოგონას სასწავლებელს. „როგორ ზეგევლენას ახდენდა ასეთი არშიყობა, არ ვიცი, მხოლოდ მაშინ ასეთი შეხედულება გვქონდა: რამდენადაც მეტად ნასვამი ვიქნებოდით, გვეგონა იმდენად ძლიერი იქნებოდა მოწონების ეფექტი და ამის გამო ცოტას კიდეც ვიგონებდით ხოლმე სიმთვრალეს. ბევრჯერ ავუარ-ჩავუარე ამ მის სასწავლებელს ხან ეტლით, ხან ფეხით, მაგრამ თქმით ვერაფერი ვუთხარი…“

მერე კი იყო ნამდვილი წრფელი სიყვარული და ამ სიყვარულთან განშორება.

“მ.ჯ“-ს ბოლოს ქუთაისის ბულვარში შეხვდა, როცა თბილისში მოდიოდა სასწავლებლად. მომავალს ბედნიერ ფერებში ხატავდნენ…

„რა ვიცოდით მაშინ მე და ჩემმა მოსაუბრე ქალიშვილმა, რომ ჩვენ ასეთ სუფთა გრძნობას ვეღარასოდეს ვეღირსებოდით? მე უკვე შემდეგში ასეთი სპეტაკი გრძნობა არ განმიცდია და იმის არ ვიცი. ვეჭვობ რომ მასაც ალბათ ჩემი ბედი ეწია. ჩვენ დავშორდით იმ მოსაზრებით რომ მომავალ წელს, როდესაც ის სასწავლებელს დაასრულებდა, ჯვარს დავიწერდით. მაგრამ მომავალ წლეს სულ სხვა მიმართულება მიიღო ცხოვრებამ. მან დამანახა, რომ ჩემი ცხოვრება არც მაინცდამაინც საოჯახოდ არის მოწყობილი და მე იძულებული ვიყავი უსინდისოდ შემწყვიტა მიწერ-მოწერა, ისე რომ არც კი ავუხსენი საწყალ გოგოს მიზეზი ჩემი მდუმარებისა…“

შემდეგ იყო წყება გატაცებების. გახმაურებელი და თუ გაუხმაურებელი. ერთ-ერთი რომანი ოფიციალურ დოკუმენტებსაც შემორჩა. როდესაც 4 მსახიობმა მთავრობას მისწერა რუსთაველის თეატრიდან ახმეტელის გაშვების მოთხოვნით და რუსთაველის თეატრს სამთავრობო კომისია მიადგა, ახმეტელმა პირდაპირ განუცხადა კომისიას და ეს განცხადება ოქმშიცაა დაფიქსირებული – „გარდა ამისა ჭავჭავაძე (საუბარია მსახიობ თამარ ჭავჭავაძეზე). დაკავშირებულია რამდენადმე უშანგი ჩხეიძესთან და ეს არის ერთი მიზეზთაგანი მისი წასვლისა“…

ახალი ახმეტელს არაფერი უთქვამს – უშანგი ჩხეიძეს და ლეგენდარულ ლაურესნიას – თამარ ჭავჭავაძეს მძვინვარე რომანი ჰქონდათ და არც მალავდნენ…

ხანმოკლე იყო უშანგი ჩხეიძის სცენაზე ელვარება, მაგრამ დაუვიწყარი. სცენას ჩამოცილებულს უკვირდა როცა ხალხს ისევ ახსოვდა, უყვარდა, ეთაყვანებოდნენ. გავიდა დრო, დიდი დრო, მაგრამ ქართული თეატრის მეხსიერებას ის ისევ ახსოვს, ახსოვს როგორც აქტიორი – სწორუპოვარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ რადიოჩანაწერებიღა შემოგვრჩა, ისიც გვიანდელი – მის მიერ წაკითხული მონოლოგები, ლექსები, „ვეფხის და მოყმის ბალადა“…

გარდაიცვალა 1953 წლის 1 დეკემბერს, 55 წლის ასაკში.

1999 წელს უშანგი ჩხეიძის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

 

გამოყენებულია რეზო შატაკიშვილის ბლოგი

კომენტარები