საპატრიარქო აცხადებს, რომ დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა საეკლესიო სასჯელი, სინამდვილეში, სასულიერო პირების შეურაცხყოფის გამო მიიღო და არა ევროკავშირის დროშის დაწვისთვის.
“ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. სინამდვილეში მის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ მიმართვაში იყო სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც არის კანონიკური დარღვევა”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
კომისიის დასკვნით, დეკანოზი ცქიფურიშვილი წარსულშიც არაერთგზის იყო გაფრთხილებული დისციპლინური და ეთიკური დარღვევებისთვის.
“კომისიამ განიხილა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიერ, მასმედიის საშუალებით, ბოლო დროს, სასულიერო პირთა მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს, სინოდალურ კომისიაზე გამოცხადებამდე, დისციპლინური და ეთიკური დარღვევებისთვის, რისთვისაც არაერთგზის იქნა გაფრთხილებული წარსულშიც, შეუჩერდეს ყოველგვარი მღვდელმოქმედების უფლება”, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ დასკვნაში.
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ წვავენ მართლმადიდებელი მღვდლები ევროკავშირის დროშებს. მათ შორის მღვდელი სპირიდონ ცქიფურიშვილი.
სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ ლაშა შარუხიას, რომელსაც ბრალი წარუდგინეს მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე. შურუხიას მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
კომენტარები