რიკოთთან მომხდარი ავარიისას დაღუპული სამი პოლიციელის – კახა ბაღდავაძის, მურადი ლეჟავას და მიშო მაჩიტაძის ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ საცხოვრებელ სახლებში გადაასვენეს.
სამივე მათგანი იმერეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი იყო.
ავარია მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ცვლის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.
ერთ-ერთ მათგანს, კახა ბაღდავაძეს ხვალ დაბადების დღე ჰქონდა.
“სამი გმირი პოლიციელი დაიღუპა დღეს. სამშენებლოზე შეყვარებული და უანგარო ადამიანი. დიდება გმირ პოლიციელებს”, – წერს სოციალურ ქსელში დაღუპული სამართალდამცველების მეგობარი.
პროკურატურის ინფორმაციით, 12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს.
კომენტარები